მიხაილ ხუციშვილი - ვოლკოვი დიდ თანხას რომ დათანხმებულიყო, ახლა უკლუბოდ იქნებოდა
აზერბაიჯანულ გამოცემა „სპორტ24“-თან (Sport24.az) ინტერვიუში ქართველმა მენეჯერმა მიხაილ ხუციშვილმა განაცხადა, რომ ზამთარში, როდესაც მისმა თანამემამულემ და კლიენტმა, დავით ვოლკოვმა („ზირას“ თავდამსხმელი) „გაბალა“ დატოვა, ყაზახეთის პრემიერლიგის პავლოდარის „ირტიშში“ იწვევდნენ, თუმცა მან უარი განაცხადა.
„პავლოდარის კლუბმა ვოლკოვს დიდი თანხა შესთავაზა. კონტრაქტი მქონდა. მაგრამ ფეხბურთელმა აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა. მას აქ ყველაფერი მოსწონს. საინტერესოა, რომ იცის თქვენი ყველა კლუბის მოთამაშე. დათო ახალ გუნდს სწრაფად გაუშინაურდა და გუნდელებს დაუმეგობრდა. დრომ აჩვენა, რომ ვოლკოვისთვის აზერბაიჯანში დარჩენა სწორი გადაწყვეტილება იყო – ის „ირტიშში“ რომ წასულიყო, ახლა უკლუბოდ იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ არ მივიღეთ ეს შეთავაზება, „ზირასთან“ ვესაუბრეთ და შევთანხმდით. თუმცა, ფინანსურად, ყაზახეთის წინადადება უკეთესი იყო,“ – აცხადებს ხუციშვილი
ვოლკოვი აზერბაიჯანში 2019 წლის დასაწყისიდან თამაშობს და პირველი წელი „გაბალაში“ გაატარა, რომლის ფორმითაც აზერბაიჯანის თასი მოიგო. ამ კლუბში მიმდინარე ჩემპიონატში ექვსი გოლი გაიტანა, ხოლო ერთი კი ამჟამინდელ გუნდში.