ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი პირველად შეამჩნიეს უცხო ადამიანებმა 2013 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა მან თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც გერმანული გამოცემა ბუნტე (Bunte) წერს, მალიორკის მაცხოვრებელთა ყურადღება მიიპყრო ვერტმფრენმა, რომელიც შუმახერების ვილის ტერიტორიაზე დაჯდა.
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ამ ვერტმფრენით კუნძულზე ჩავიდა შუმახერების ოჯახი, მათ შორის ლეგენდარული პილოტიც, რომელიც მგზავრებს შორის შეამჩნიეს. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როცა მიხაელი უცხო ადამიანებმა დაინახეს.
ცნობილი სპორტსმენის ოჯახის წევრები და ოფიციალური წარმომადგენლები არ აკეთებენ კომენტარს მალიორკაზე გერმანელი პილოტის გამოჩენის შესახებ. უცნობია, შუმახერი ვილაზე დარჩა თუ შვეიცარიაში დაბრუნდა.