ქალმა სამთო მოთხილამურეებმა შვედეთის კურორტ ორეში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს. მედლების ბოლო კომპლექტი სლალომში გათამაშდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონი მიკაელა შიფრინი გახდა, არადა, ამერიკელი პირველი ცდის შემდეგ მხოლოდ მესამე ადგილზე იყო – ჩამორჩებოდა შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს და მასპინძელ ანა-სვენ ლარსონს. თუმცა, მეორე ცდაზე შიფრინი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ერთი წუთიდან გამოვიდა და საბოლოოდ, მეორე ადგილზე გასულ ლარსონს ძალიან ბევრი – 0.58 წამი მოუგო. შიფრინმა ზედიზედ მეოთხე ჩემპიონატზე მოიგო სლალომის ოქრო, სულ კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.
ვენდი ჰოლდენერს ამ ჩემპიონატზე მესამე ოქროს მოპოვება შეეძლო, მაგრამ ძალიან ცუდი მეორე დაშვების გამო, მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ, რომელმაც შიფრინთან წამზე მეტი წააგო. აღსანიშნავია, რომ ვლჰოვამ ამ ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.
სლალომში ასპარეზობდა საქართველოს ნაკრების წევრი ნინო წიკლაური, მაგრამ მან პირველი ცდის დასრულება ვერ შეძლო და ბრძოლას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 52-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატი კვირას კაცების სლალომით დასრულდება.
ყველა პრიზიორი ქალთა დისციპლინებში:
სწრაფდაშვება
1. ილკა შტუჰეცი (სლოვაკეთი)
2. კორინ ზუტერი (შვეიცარია)
3. ლინდსი ვონი (აშშ)
სუპერგიგანტი
1. მიკაელა შიფრინი (აშშ)
2. სოფია გოჯა (იტალია)
3. კორინ ზუტერი (შვეიცარია)
გიგანტური სლალომი
1. პეტრა ვლჰოვა (სლოვაკეთი)
2. ვიქტორია რებენსბურგი (გერმანია)
3. მიკაელა შიფრინი (აშშ)
გიგანტური სლალომი
1. მიკაელა შიფრინი (აშშ)
2. ანა-სვენ ლარსონი (შვედეთი)
3. პეტრა ვლჰოვა (სლოვაკეთი)
კომბინაცია
1. ვენდი ჰოლდენერი (შვეიცარია)
2. პეტრა ვლჰოვა (სლოვაკეთი)
3. რაგნჰილდ მოვინკელი (ნორვეგია)