მევლუთ ჩავუშოღლუ - სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაპაუზება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს
სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაპაუზება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება მხოლოდ ორ ლეგიტიმურ მხარეს შორის ხდება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თურქეთი დაასრულებს ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქურთების სახალხო დაცვის შენაერთებისა და ქურთების მუშათა პარტიის ტერორისტები უსაფრთხო ზონას დატოვებენ. ჩვენ შევთანხმდით ქურთების სახალხო დაცვის შენაერთების მძიმე შეიარაღების შეგროვებასა და მათი პოზიციებისა და სიმაგრეების განადგურებაზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა.