მეუფე პეტრე ცაავა - ტრაგედია იყო, რაც მოვისმინე მეუფე იაკობისგან, ეს იყო იმის გამხელა, რა მდგომარეობაშია ქორეპისკოპოსის სახით საქართველოს საპატრიარქო
მეუფე პეტრე ცაავა - ტრაგედია იყო, რაც მოვისმინე მეუფე იაკობისგან, ეს იყო იმის გამხელა, რა მდგომარეობაშია ქორეპისკოპოსის სახით საქართველოს საპატრიარქო

ნამდვილად ტრაგედია იყო, რაც მოვისმინე, ეს იყო იმის გამხელა, რა მდგომარეობაშია ქორეპისკოპოსის სახით საქართველოს საპატრიარქო, – ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ მეუფე იაკობის გუშინდელი განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, კანონიკური სამართალი მოითხოვს, ​იერარქიის მიუხედავად, კანონიკური ​​სამართლის მიხედვით ყველა განისაჯოს​.

„ვწუხვარ მის ამ ტრაგიკულ მდგომარეობაზე. მართალია, ქართულ ზეპირსიტყვიერებაში გვაქვს ასეთი გამონათქვამი, რომ ცოდვა გამხელილი სჯობს, მაგრამ ნამდვილად ტრაგედია იყო პირადად ჩემთვისაც, რაც მოვისმინე. ეს იყო გამხელა იმისა, თუ რა მდგომარეობაშია ქორეპისკოპოსის სახით საქართველოს საპატრიარქო და ასევე საქართველოს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია, რომელსაც ის წარმოადგენს. სამი მღვდელმთავრიდან ერთ-ერთს წარმოადგენს ქორეპისკოპოსი ზნეობრივ კომისიას ანუ ადამიანი, რომელმაც სხვას უნდა მოსთხოვოს ზნეობა. ამას უკვე კომენტარიც აღარ სჭირდება, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, მას არაერთხელ მოუსმენია მეუფე იაკობის „უპასუხისმგებლო ბოდვა“ და აღნიშნა, რომ მან პასუხი უნდა აგოს თავის განცხადებებზე.

„ჯვრის კანონის თანახმად, როცა ადამიანი ერთხელ ვერ ადასტურებს თავის ცილისწამებასა და უპასუხისმგებლო განცხადებას, მეორედ უკვე ეკლესია არ იღებს მას, როგორც ბრალმდებელს. ამ ნორმით საერთოდ აღარ მოვისმენდი, მაგრამ რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს თავის განცხადებებზე“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

​როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში ძალიან ბევრი ხარვეზია.

„აქ ერთ-ერთი პუნქტად მითითებულია, რომ პატრიარქის გარდა, არავის აქვს უფლება, მოიწვიოს წმინდა სინოდი, თვინიერ მისი მოსაყდრისა, მაგრამ მოსაყდრე იწვევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი პატრიარქი უნდა ავირჩიოთ ან იგი ვერ მართავს ეკლესიას და უნდა გადადგეს. სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ გვაქვს რესურსი, რომ სინოდი მღვდელმთავრებმა მოვიწვიოთ. მე დავინტერესდი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მართვა-გამგეობის დებულებით. სერბეთის, რუმინეთისა და სხვა ეკლესიებში წმინდა სინოდის ერთ მესამედს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია, მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ჩვენი ხარვეზი ამ დებულებაში შემდგომში იქნება გამოსასწორებელი, რომ მსგავსი უხერხულობა არ იყოს.

პასუხისმგებლობას ვაკისრებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც ამ ზაფხულს დააჯილდოვა მეუფე იაკობი და თქვა, რომ ყველა ის არასწორი საქციელი, რომელიც მან ჩაიდინა, ზუსტი კონტექსტი ვერ მომყავს, მაგრამ თქვა, რომ ის ასრულებდა ჩემს ლოცვა-კურთხევასა და დავალებას. ამ ლოგიკით, ვფიქრობ, გუშინდელი მისი გამოხტომაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მისი დავალებაა, ამიტომ პატრიარქმა პირადად უნდა გასცეს პასუხი.

რაც შეეხება განცხადებას, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ამზადებს, არ ვარ მაღალი წარმოდგენის მათ განცხადებებზე, თუმცა დაველოდები და შემდეგ შევაფასებ. ღმერთმა მისცეს პატრიარქს ჯანმრთელობა, სინანული და პასუხისმგებლობის გრძნობა მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ მე პირადად მათი უკვე არ მჯერა. მქონდა შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან. ყოველთვის განგვიხილავს მიმდინარე პროცესები, ჩემი გულისტკივილი ჩვეული პირდაპირობით მითქვამს, გამოსავალზე რჩევაც მიმიცია, მაგრამ რამდენად გაითვალისწინეს, ხედავთ. ამიტომაც იმკიან დღევანდელ მდგომარეობას“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე განცხადებით, „ციანიდის სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში ბევრად ადრე დაიგეგმა“.

„დაიგეგმა მაშინ, როდესაც პატრიარქის მდივან-რეფერანტმა 500 დოლარი მისცა ციანიდის საყიდლად და შემდეგ ჩაითრიეს ხელისუფლება თავიანთი გამოუცდელობით, უგუნურობით დააშვებინეს დიდი შეცდომა და აუცილებლად მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება ამ თემაზე. ბუნებრივია, ამ საქმეში ჩარეული იყო სახელმწიფო, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, უდანაშაულო მღვდლისთვის ციანიდი ჩაგედო ცხრა საათის შემდეგ ჩანთაში და მიგესაჯა 9-წლიანი პატიმრობა. სახელმწიფომ დაუშვა შეცდომა და გაუჭირდა მისი აღიარება. დღემდე ვერ მოქმედებს „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ პრინციპით.

მეუფე იაკობი არის ჩემი ხელდასმული. მეუფე იაკობი პატრიარქმა ჩამომიყვანა სნოში, როდესაც ჯერ კიდევ მღვდელმონაზონი ვიყავი. ჩემი მღვდელმთავრობის პერიოდში აღიკვეცა ჩემ მიერ ბერად, ეწოდა სახელი იაკობი, დადო აღთქმა, რომელიც მან სამწუხაროდ, დაარღვია და იკურთხა სოფლის მღვდლად. მიმაჩნია, რომ სოფლის მღვდელზე მეტი მისთვის იყო გადაჭარბებული პატივი და ნდობის გამოცხადება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრე ცაავამ დღეს საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ყველა სამარცხვინო მდგომარეობასა და კრიზისზე, რაც ეკლესიაში სუფევს, პასუხისმგებლობას პატრიარქსა და მის გარემოცვას აკისრებს.