მეტროს მემანქანეები ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ
მეტროს მემანქანეები ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

მეტროპოლიტენის მემანქანეები ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ მიიღეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013″-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა, ისინი ემორჩილებიან სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც გაფიცვა 30 დღით გადავადდა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევში თუ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობა და დედაქალაქის მთავრობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, მუშაობას შეაჩერებენ.

რატი კაპანაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა ახდენს იმ ადამიანების მობილიზაციას, რომლებმაც მეტროს მანქანის მართვის უფლება წლების წინ მიიღეს, თუმცა თავიანთი სურვილით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახური დატოვეს.

კაპანაძე ამბობს, რომ თბილისის მერია ამ ადამიანებს სამსახურში დაბრუნებას აიძულებს, რაც შესაძლოა, მგზავრებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

მემანქანეები ამბობენ, რომ ამ ადამიანების ნაწილმა ჯანმრთელობის ყოველწლიური შემოწმება ვერ გაიარა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტროს გაჩერების საფრთხე არ არის, რადგან კომპანიაში ყველა მიმართულებით არის რეზერვი.

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 3 მაისს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას.

„ამ ადამიანებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ ჩვენ – დედაქალაქის მთავრობა და მინდა, მკაფიოდ განვუცხადო ყველას, თქვენც, ვინც გაფიცვას აპირებთ და დაანონსებული გაქვთ და ასევე დედაქალაქის მოსახლეობას, რომ მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეებში და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს მემანქანეების ნაწილმა 30 აპრილს განაცხადეს, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს.