მამუკა კობახიძე - მეტროს გაჩერების საფრთხე არ ემუქრება, რადგან კომპანიაში ყველა მიმართულებით არის რეზერვი
მამუკა კობახიძე - მეტროს გაჩერების საფრთხე არ ემუქრება, რადგან კომპანიაში ყველა მიმართულებით არის რეზერვი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით მუშაობს.

როგორც მამუკა კობახიძემ აღნიშნა, კომპანია, ვერ გაითვალისწინებს ანაზღაურების მატების ერთ მიმართულებას, რადგან სხვა თანამშრომლებში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.

„კომპანიაში დასაქმებულია 6300 ადამიანი და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯს წარმოადგენს. მუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე. სამი იქნება თუ ოთხი, მეტრო არ გაჩერდება. არის გარკვეული რეზერვები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ადამიანები, ვინც ამ პროფკავშირების წევრები არიან, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდება, რადგან გვაქვს ამის რესურსი. გარდა ამისა, კომპანიაში დასაქმებულია სხვა თანამშრომლები, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეულ რესურსს. ყოველი დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში კომპანია ასწავლის და ამზადებს რესურსს როგორც მემანქანეების, ასევე კონდუქტორების და დამხმარე თანამშრომლების კუთხით. ეს რესურსები გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკების გზით გადაწყდება ყველაფერი”, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მისივე თქმით, მეტროს გაჩერების საფრთხე არ ემუქრება, რადგან კომპანიაში ყველა მიმართულებით არის რეზერვები.

„რაც შეეხება იმას, რომ 240-ვე მემანქანეა გაწევრიანებული პროფკავშირში და 240-ვეს მოთხოვნაა ხელფასების მატება, შემიძლია გითხრათ, რომ 240-ვე არ არის ამ პროფკავშირში და ყველას მოთხოვნა არ არის გაფიცვა”,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მამუკა კობახიძემ განაცხადა, რომ დამწყები მემანქანე მატარებლის შემადგენლობას არ მართავს.

მეტროს მემანქანეების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მეტროპოლიტენი 3 მაისს 06:00 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს.