მეტოქე | ყაზახეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩს უზბეკეთში ჩაატარებს #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთის ეროვნული გუნდი დღეს, 16 ნოემბერს ტაშკენტში უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ბოლოს ამ გუნდებმა 2007 წელს Alma-TV Cup-ზე ითამაშეს, მატჩი 1:1 დასრულდა. მეზობლებს შორის ასეთი ხანგრძლივი პაუზა, ამ შეხვედრის შემდეგ წარმოქმნილი დაძაბული ურთიერთობის შედეგი იყო, რომელიც ფეხბურთის ფარგლებს გასცდა. ახლა ქვეყნები ურთიერთობების დალაგებას ისევ ფეხბურთით ცდილობენ.
ეს ისტორია ინტერნეტპორტალ Sports.kz-თან ინტერვიუში მოვლენების უშუალო მონაწილემ, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის ნაკრები გუნდების დეპარტამენტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ალიშერ ნიკიმბაევმა გაიხსენა, რომელიც ამჟამად ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობს.
„მიმაჩნია, რომ მაშინ არბიტრი მიკერძოებული იყო. მატჩის წინ აზერბაიჯანელ მსაჯებს ღია ტექსტით უთხრეს, რომ თუ ყაზახეთის ეროვნულ გუნდს არ დაეხმარებოდნენ და გამარჯვების გარანტიას არ მისცემდნენ, მაშინ თამაში არ ჩატარდებოდა. მათ უარი თქვეს და ეს მსაჯები აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის მატჩზე დაინიშნენ. შემდეგ კი აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის გუნდებმა მესამე ადგილისთვის ითამაშეს და დაჯილდოებაზე არ დარჩნენ.
ეს ყაზახეთის ტურნირებზე მსგავსი მსაჯობის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ იყო. მახსოვს, მაგალითად, „ბუნიოდკორის“ საფეხბურთო კლუბის მწვრთნელები ჩიოდნენ, რომ ასტანაში, ახალგაზრდულ ტურნირზე გაემგზავრნენ და იქაც ჰქონდათ პრობლემები მსაჯობასთან დაკავშირებით.
მომხდარმა მეზობლებს შორის ურთიერთობას დიდი ზიანი მიაყენა. ტურნირის შემდეგ დასკვნით პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ თუ დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა, უზბეკეთის ნაკრები ყაზახეთთან არასდროს ითამაშებდა. კარგად, მესმის, რომ დამოკიდებულება შეიცვალა. ის ხალხი, ვინც თხუთმეტი წლის წინ ყაზახურ ფეხბურთში მუშაობდა, დღეს აღარ არის“ – აცხადებს ალიშერ ნიკიმბაევი.