ევრო 2024-ის პლეი ოფი | ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში დაცვის ლიდერიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფი | ლუქსემბურგის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში დაცვის ლიდერიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების დაცვის ლიდერი მარვინ მარტინსი ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩს გამოტოვებს – ინფორმაციას rtl.lu ავრცელებს.

ვენის „აუსტრიის“ 29 წლის ცენტრალური მცველი ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში, ვენის „რაპიდთან“ დერბიში, 32-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ლუქსემბურგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ მარტინსი თბილისში გასამართ შეხვედრამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს.

„ეს არის „წითელი ლომების“ (ლუქსემბურგის ნაკრების მეტსახელი) მორიგი დიდი პრობლემა. მარვინ მარტინსმა კუნთი გაიწყვიტა და ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩებს გამოტოვებს“, – წერს ლუქსემბურგული გამოცემა.

ავსტრიული გამოცემის, laola 1-ის ცნობით, მარტინსს ტრავმა „რაპიდთან“ თამაშამდეც აწუხებდა და დერბიში მისი თამაში საეჭვო იყო, რასაც „აუსტრიის“ მწვრთნელი მაიკლ ვიმერიც არ მალავდა, მაგრამ მან მაინც გარისკა, ფეხბურთელი „რაპიდთან“ ათამაშა და ამით გუნდიც დააზარალა და ლუქსემბურგის ნაკრებიც.

მცველის არყოფნა ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელს, ლუკ ჰოლცს დიდ პრობლემებს შეუქმნის – მარტინისის გარდა, ნაკრებს შეტევის ორი ლიდერიც დააკლდება: ვინსენ ტილი ტრავმირებულია, დანიელ სინანი – დისკვალიფიცირებული, ხოლო იტალიური „მონცას“ თავდამსხმელმა, დანი მოტამ ლუქსემბურგის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

ევრო 2024-ის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს თბილისში უმასპინძლებს. მოგების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.