მეტოქე | ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოსთან მატჩამდე პორტუგალიელი ფეხბურთელით გაძლიერებას ცდილობს #1TVSPORT
მეტოქე | ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოსთან მატჩამდე პორტუგალიელი ფეხბურთელით გაძლიერებას ცდილობს #1TVSPORT

ლუქსემბურგის ნაკრები, რომელმაც 2023 წელი ფიფა-ს რეიტინგში რეკორდულ 83-ე ადგილზე დაასრულა და 2024 წლის მარტში ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, შესაძლოა, პორტუგალიელმა დანი მოტამ გააძლიეროს – ამის შესახებ ინფორმაციას infos.rtl ავრცელებს.

ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურება ლუქსემბურგის ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშის შედეგია. ლუკ ჰოლცის გუნდის პროგრესი ციფრებშიც აისახა. თუ პორტუგალიასთან ორ წაგებას არ გავითვალისწინებთ (0:6, 0:9), ლუქსემბურგმა რვა მატჩში მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედია ლუკ ჰოლცისთვის, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილური დაცვა ჩამოაყალიბა. გუნდი ძირითადად, ხუთი მოთამაშით იცავდა თავს, ბოლო თვეებში კი – ოთხი მცველით თამაშზე გადავიდა.

ჰოლცს გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე ჰყავს – მეკარე ენტონი მორისი, მცველი მაქსიმ ჩანოტი და ნახევარმცველების სამეული – კრისტოფერ მარტინსი, ლეანდრო ბარეირო, მატიას ოლესენი.

ლუქსემბურგს ყველაზე მეტი პრობლემა შეტევაში ჰქონდა. მისი გამოსწორების იმედი კი 25 წლის დანი მოტას უკავშირდება – ნიდერკორნში (ლუქსემბურგი) დაბადებულ ფეხბურთელს, რომელიც სერია A-სმონცაში“ თამაშობს. ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუკ ჰოლცი მის ნაკრებში მიწვევას აპირებს.

მოტა ლუქსემბურგის ნაკრებს დიდი მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს – მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2024 წლის ივნისში გერმანიაში გაიმართება. ამისათვის ლუქსემბურგის ნაკრებმა ჯერ 21 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრები უნდა დაამარცხოს და ფინალში გავიდეს, სადაც მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს და საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულ ეთამაშება“, – წერს rtl.

დანი მოტა 1998 წლის 2 მაისს ლუქსემბურგის ქალაქ ნიდერკორნში, პორტუგალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 2021 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მოტა 2020 წელს „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში იჯარით „მონცაში“ გაუშვეს და გუნდს სერია B-ში დაწინაურებაში დაეხმარა.

2020/21 წლებში „მონცაში“ ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა. მომდევნო სეზონში კი 32 შეხვედრაში 12 გოლითა და ხუთი საგოლე პასით ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა გუნდის სერია A-ში დაწინაურებაში.

2023 წელს „მონცამ“ მოტასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.