მეტოქე | მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ბევრი ცნობილი ფეხბურთელით - რას წარმოადგენს მაროკოს ნაკრები #1TVSPORT
მეტოქე | მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ბევრი ცნობილი ფეხბურთელით - რას წარმოადგენს მაროკოს ნაკრები #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ძლიერ მეტოქესთან დაგეგმა – 17 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილეა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ყატარში გასამართავი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მარტში გამართულ პლეი ოფში მოიპოვა – მაროკომ კონგოს ნაკრებთან სტუმრად 1:1 ითამაშა, შინ კი 4:1 მოუგო.​

მაროკოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 1970 წელს შედგა, საუკეთესო შედეგს კი 1986 წელს მიაღწია, როდესაც ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, პლეი ოფში კი გერმანიასთან 0:1 დამარცხდა. არის აფრიკის ერთა თასის ორგზის გამარჯვებული – 2018 და 2020 წლებში.

1998 წლის აპრილში, მაროკო პირველი აფრიკული ნაკრები გახდა, რომელიც ფიფას მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვდა. ყველაზე დაბალი პოზიცია 2010 წლის სექტემბერში ჰქონდა – 95-ე ადგილი. 2022 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, მაროკო ფიფას რეიტინგში 22-ე პოზიციაზეა.

მაროკოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ცნობილი სპეციალისტი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი მუშაობდა, მაგრამ აგვისტოში მას თანამდებობა დაატოვებინეს და მის ნაცვლად 47 წლის ვალიდ რეგრაგი დანიშნეს.

რეგრაგი მაროკოს ნაკრების ყოფილი მცველია. 2001-09 წლებში მას ეროვნულ გუნდში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, მოქმედი ფეხბურთელობის ჟამს საფრანგეთში თამაშობდა, მერე კი ადგილობრივ გუნდებს წვრთნიდა.

დღევანდელი ნაკრების წევრთაგან უნდა გამოვარჩიოთ მეკარე იასინ ბუნუ („სევილია“), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ნუსაირ მაზრაუი („ბაიერნი“), ამინ ჰარითი („მარსელი„), სოფიან ამრაბათი („ფიორენტინა“), ჰაკიმ ზიეში („ჩელსი“), იუსუფ ენ-ნესირი („სევილია“) მუნირ ელ-ჰადადი („ხეტაფე“). თავდამსხმელი აიუბ ელ-კააბი „ჰათაისფორში“ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია რაიან მმაე კი „ფერენცვაროშში“ გიორგი ხარაიშვილთან ერთად თამაშობს.