შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა #1TVSPORT
შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის ლიდერების შეხვედრა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, რომელიც მე-7 წუთზე შეჩერდა, საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა.

მომხდარის ქრონოლოგია

დიდი წვიმის გამო მოედანი ისე დაიტბორა, ბურთი ვეღარ მოძრაობდა. „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი თამაშის შეჩერებას თავიდანვე მოითხოვდა. მსაჯმა მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა და მე-6 წუთზე შოტლანდია კალუმ მაკგრეგორის გოლით დაწინაურდა, მაგრამ გოლის შემდეგ უნგრელმა მსაჯმა იშტვან ვადმა მოთამაშეები მოედნიდან გაიყვანა.

Heraldscotland-ის ცნობით, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ათი წუთით ადრე მოედნის შემოწმება ჩატარდა და ზედაპირი სათამაშოდ ვარგისად ჩათვალეს. თუმცა, საბოლოოდ მსაჯმა მატჩი მაინც შეაჩერა.

ამ დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკება უეფა-ს ოფიციალურ პირებთან, არბიტრი ორივე კაპიტანსაც გაესაუბრა. ბოლოს მან გუნდებს შესთავაზა თამაში 20 წუთით შეეჩერებინათ, რათა მოედანი მოეწესრიგებინათ, მაგრამ ეს პაუზა გაცილებით დიდხანს, საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მოთამაშეებს მიეცათ ათი წუთი, რათა შეხვედრის განახლებამდე გახურებულიყვნენ. მოედნის დათვალიერების პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. წვიმა არ ჩერდებოდა. მეორე შემოწმება საქართველოს დროით 23:35 საათზე მოხდა, 00:00 საათზე კი გამოცხადდა, რომ მატჩის დაწყება კიდევ 15 წუთით გვიანდებოდა.

Heraldscotland-ი უკვე ამტკიცებდა, თუ მოედანი სათამაშოდ ვარგისი არ იქნებოდა, შეხვედრა ოთხშაბათს საღამოს, „სენტ მირენის“ სტადიონზე გაიმართებოდა, მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც განახლდა.