მეტე ფრედერიქსენი - მოუთმენლად ველოდები დონალდ ტრამპთან შეხვედრას, ვფიქრობ, კარგი შეთანხმება მივიღეთ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, როგორც პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრას მოუთმენლად ელოდება და მიიჩნევს, რომ გრენლანდიის საკითხზე მიღწეული შეთანხმება ყველა მხარისთვის სასარგებლოა.
ფრედერიქსენი ნიუ იორკში იმყოფება, სადაც ხვალ აშშ-სა და გრენლანდიასთან ერთად გრენლანდიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ. დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეთანხმებაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს გულისხმობს, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს მოიცავს.
„ის, რაზეც მრავალი თვის განმავლობაში ვმუშაობდით და რაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, არის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შექმნა, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებს ეხება. ეს კარგი შეთანხმებაა და ის ყველა ჩართული მხარისთვის სასარგებლოა. ის სასარგებლოა დასავლეთისთვისაც, ანუ ნატო-ს ალიანსისთვის“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტს არ ცვლის.
„ჩვენ სუვერენიტეტს არ ვთმობთ და შემიძლია, გარანტია მოგცეთ, რომ როგორც დანიის პრემიერ-მინისტრი, ამას არასდროს გავაკეთებ. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური საკითხი. ამასთან, შესაძლებელია სუვერენიტეტის შენარჩუნება და სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ, საბედნიეროდ, ევროკავშირის წევრი ვართ. ნატო-ს წევრი მისი შექმნის დღიდან ვართ და მრავალი წელია, ამერიკელებთან ძალიან მჭიდრო თავდაცვითი თანამშრომლობა გვაქვს, მათ შორის, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება. ამიტომ სუვერენიტეტი არის ის, რასაც ყველა სუვერენული სახელმწიფო მყარად იცავს. სწორედ ამიტომ იბრძვიან უკრაინელებიც და სწორედ ამას ვხედავთ დღეს მსოფლიოში. საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა არ ეწინააღმდეგება სხვა ქვეყნებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.
ფრედერიქსენის თქმით, მას და დონალდ ტრამპს, განსხვავებული პოზიციების ღიად გამოხატვის მიუხედავად, თანამშრომლობა შეუძლიათ.
„მოუთმენლად ველოდები შეხვედრას. ვფიქრობ, კარგი შეთანხმება მივიღეთ. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს როგორც პოლიტიკოსები, რომლებსაც საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა და ერთმანეთთან საუბარი შეგვიძლია. თუმცა, ეს იმასაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ, რადგან ვიცით, რა პოზიცია აქვს თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.