მესი პოლიციას ემილიანო სალას სამძებრო ოპერაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს
მესი პოლიციას ემილიანო სალას სამძებრო ოპერაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

კუნძულ გერნსის პოლიციის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ წყვეტს „კარდიფ სიტის“ ფეხბურთელის ემილიანო სალას გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებს, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გულშემატკივრებში. ამ დროისთვის, პეტიციას, რომელიც არგენტინელის ძებნის გაგრძელებას მოითხოვს, 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

სოციალურ ქსელებში კი გამოჩნდა ფეხბურთელების პოსტები, სადაც ისინი პოლიციას სამძებრო ოპერაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის არიან გონსალო იგუაინი, სერხიო აგუერო, ნიკოლას ოტამენდი და სხვები. 

ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ამ ამბავს ლიონელ მესი გამოეხმაურა – „სანამ არსებობს შანსი და მცირე იმედი მაინც, ვთხოვთ პოლიციას, გააგრძელოს სალას ძებნა. ჩემი თანადგომა მის ოჯახსა და ახლობლებს.“

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელის სამძებრო სამუშაოებს მისი ოჯახი დააფინანსებს. 

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ემილიანო სალა იმყოფებოდა რადარებიდან ოთხი დღის წინ გაქრა.