მეშახტეებმა „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქცია განაახლეს
მეშახტეებმა „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქცია განაახლეს

ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავენ.

„საქნახშირში“ დასაქმებულები ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციას შეუერთდნენ ტყიბულელები, ასევე მშობლები, რომლებმაც შვილები პროტესტის ნიშნად სკოლაში დღეს არ წაიყვანეს.

„დღეს უარი ვთქვით, შვილები მიგვეყვანა სკოლაში და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მეშახტეებს არ ჩაერიცხებათ კუთვნილი ხელფასი. წელს ბავშვების უმრავლესობა სკოლაში სასწავლო ნივთებისა და ტანსაცმლის გარეშე წავიდა, ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ მეშახტეებს არ დაურიცხეს ხელფასი. მშობლები უარს ვამბობთ, ვატაროთ საკუთარი შვილები სკოლაში, ვიდრე მეშახტეების უფლებები არ იქნება დაცული“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამარ გულბანმა.

მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას მეორე დღეა, ითხოვენ. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.

ამათან, ელიზბარ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.