მერაბ ქვარაია - აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს
მერაბ ქვარაია - აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს

აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ ოზურგეთის ინციდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს. დღეს ეს რეგულაცია ძალიან სუსტია. საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა გვესმოდეს, რომ დედის გინება, უცენზურო სიტყვები და სხვა ღირსების შემლახავი კამპანია შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ჩვენ, კანონმდებლებს გვეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე იურისტებმა და უფლებადამცველებმა მსჯელობა უნდა დაიწყონ და დისკუსია გახსნან“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი გუშინ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე  ბრალი  „ქართული ოცნების“ დეპუტატს წარედგინა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.