მერაბ დვალიშვილი 14 ივნისს რეი ბორგს დაუპირისპირდება - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
მერაბ დვალიშვილი 14 ივნისს რეი ბორგს დაუპირისპირდება - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან

მერაბ დვალიშვილმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში უკანასკნელი ბრძოლა 16 თებერვალს გამართა. ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) რეიტინგის მე-15 მებრძოლი კესი კენი დამაჯერებლად დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. მანამდე, დვალიშვილმა ბრედ კატონას და ტერიონ უორს სძლია. როგორც დღეს გახდა ცნობილი, 29 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის ოქტაგონზე მორიგ, რიგით მეექვსე დაპირისპირებას რამდენიმე დღეში, კერძოდ კი 14 ივნისს რეი ბორგის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბრძოლა ლას ვეგასის „აპექსის“ შენობაში შედგება. მერაბი ამჟამად ლას ვეგასში იმყოფება, მისი გუნდელი ალჯამეინ სტერლინგი ხვალ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას კორი სანდჰაგენთან ჩაატარებს და დვალიშვილი ალჯოს მომზადებაში ეხმარება. ახალი ამბავის გაგების შემდეგ ჩვენ მერაბს ლას ვეგასში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

ბრძოლა ძალიან მოულოდნელად, სულ რამდენიმე დღეში, საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან დაგენიშნა. როდის შედგა მოლაპარაკება?

მინდა გითხრათ, რომ გუშინ ძალიან მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით გადაწყდა ამ ბრძოლის საკითხი. ჩემს მენეჯერებს მუდმივად ვეუბნებოდი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ათლეტს ბრძოლა გაუუქმდებოდა, მზად ვიყავი ნებისმიერ წონით კატეგორიაში გამემართა ორთაბრძოლა. მიმდინარე კვირას არავის ბრძოლა არ გაუქმდა, თუმცა შემატყობინეს, რომ მქონდა შანსი მომდევნო კვირას რეი ბორგთან გავსულიყავი ოქტაგონზე. რა თქმა უნდა, ამ გამოწვევას დავთანხმდი.

რას იტყოდი მეტოქეზე? რა არის რეი ბორგის სუსტი და ძლიერი მხარეები და რის ხარჯზე გეგმავ გამარჯვების მოპოვებას?

რეი ბორგი ძალიან კარგი მებრძოლია. როგორც იცით, მას 3 წლის წინ ქვემსუბუქ (flyweight) წონით დივიზიონში ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონთან ტიტულისთვის აქვს ბრძოლა გამართული. ბორგს დიდი სახელი აქვს და სწორედ ამიტომ დავთანხმდი მასთან ბრძოლას. საკმაოდ კარგი მოჭიდავეა და კრივის ტექნიკას მაღალ დონეზე ფლობს. ძალიან ძლიერი და სწრაფი დარტყმა აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება მე დამრჩება. Spinning back kick-ის (ხელით დარტყმა ბრუნში) გამოყენებას ხშირად ვაპირებ, ასევე მუხლით დარტყმების. რა თქმა უნდა, მას ჩემთან ჭიდაობაც მოუწევს. ამ ყველაფრის ხარჯზე ვაპირებ ბორგის დამარცხებას და ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას.

ბრძოლამდე 10 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. დიდი ალბათობით, ლას ვეგასში დარჩები და მანდ მოემზადები ბორგთან ბრძოლისთვის.

როგორც იცით, მე მეგობარს (ალჯამეინ სტერლინგს) გამოვყევი ლას ვეგასში საგულშემატკივროდ. ის ხვალ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს და მე მას მომზადებაში გუნდთან ერთად ვეხმარები. ჩემი ბრძოლაც აქ გაიმართება, აქედან გამომდინარე აქ დავრჩები და სწორედ ლას ვეგასში გავივლი ბოლო მოსამზადებელ ეტაპს.

თავს როგორ გრძნობ? რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებს და როგორ ფიზიკურ კონდიციაში ხარ?

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ვცდილობ, რომ ფორმა შევინარჩუნო და მუდმივად ვვარჯიშობ. ხშირ შემთხვევაში სახლის პირობებში მიწევდა წვრთნის ჩატარება, თუმცა მას შემდეგ, რაც ალჯოს ბრძოლა დაინიშნა, მე გუნდთან ერთად ვემზადები. როგორც წინა ინტერვიუებში გეუბნებოდით, მე UFC-ის მუდმივად ვახსენებდი იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ დროს მზად ვიყავი ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად. მიხარია, რომ ოტქაგონზე მომდევნო კვირას ავალ.

როგორც თქვი, ალჯამეინ სტერლინგს ხვალ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელოდება. შემთხვევით მის კუთხეში ხომ არ იდგები ბრძოლის დროს და იქნებიან თუ არა მეტ სერა და რეი ლონგო შენს ან ალჯოს ბრძოლაზე?

არა, ალჯოს კუთხეში ვერ ვიქნები, რადგან დღეს საღამოდან ბრძოლის დასრულებამდე მასთან მხოლოდ სამ ადამიანს შეეძლება კონტაქტი გამკაცრებული პროტოკოლის გამო. სანდჰაგენთან ბრძოლისთვის ის სპეციფიკურად ემზადება, გარდა ამისა, მეც უნდა მოვემზადო ჩემი დაპირისპირებისთვის. სამწუხაროდ, რეი ლონგო და მეტ სერა ვერ ახერხებენ ბრძოლაზე დასწრებას. ეს სირთულეები კორონავირუსის გამო ხდება. მე და ალჯო ამჟამად ლას ვეგასში, მხოლოდ სპარინგ პარტნიორებთან ერთად ვიმყოფებით.