მსახიობი კევინ ჯეიმსი - მერაბ დვალიშვილს პროფესიონალი მებრძოლი ვეგონე #1TVSPORT
მსახიობი კევინ ჯეიმსი - მერაბ დვალიშვილს პროფესიონალი მებრძოლი ვეგონე #1TVSPORT

ჰოლივუდის მსახიობმა, კევინ ჯეიმსმა ჯო როგანის გადაცემაში მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა. როგორც ამერიკელი ამბობს, ქართველს ის MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი ეგონა.

კევინ ჯეიმსს რამდენიმე კომედიურ ფილმში აქვს ნათამაშები. ის ასახიერებდა სკოტ ვოსის პერსონაჟს, მასწავლებლის, რომელიც ცდილობდა, მებრძოლი გამხდარიყო.

მსახიობი წვრთნას ნიუ იორკში მდებარე  სერა ლონგოს დარბაზში გადიოდა. ეს ის ადგილია, სადაც UFC-ის ყოფილი ჩემპიონები – მეტ სერა, კრის ვეიდმანი და ალჯამეინ სტერლინგი ვარჯიშობდნენ. დარბაზში ასევე ემზადებოდა მერაბ დვალიშვილი.

„სერა ლონგოს დარბაზში ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი და კარგადაც ვერთობოდი. ისინი მუდამ ერთად არიან. როდესაც პირველ დღეს იქ მივედი, თავის დამცავი მეკეთა. სტერლინგმა მიცნო, თუმცა იქ იყო დვალიშვილი, რომელსაც ვეტერანი პროფესიონალი მებრძოლი ვეგონე.

მერაბი ჩემ ირგვლივ მოძრაობდა, მეც რამდენიმე მოძრაობის გაკეთება ვცადე, ის კი უფრო აქტიურდებოდა. თავის დამცავი მოვიხსენი და მას ვუთხარი, რომ მსახიობი ვარ. დვალიშვილი შესანიშნავი ადამიანია“, – იხსენებს კევინ ჯეიმსი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ორგანიზაციის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. როგორც ამ ბრძოლის შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა აღნიშნა, ქართველის მორიგი დაპირისპირება სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.