მეორე ვაქცინის მოლოდინში — FDA-ს მრჩეველთა საბჭომ Moderna-ს ვაქცინის დამტკიცებას მხარი დაუჭირა #1tvმეცნიერება
მეორე ვაქცინის მოლოდინში — FDA-ს მრჩეველთა საბჭომ Moderna-ს ვაქცინის დამტკიცებას მხარი დაუჭირა #1tvმეცნიერება

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა საბჭომ კომპანია Moderna-ს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცების რეკომენდაციას მხარი დაუჭირა; შედეგად, ვაქცინის ექვსი მილიონი დოზა უკვე ამ შაბათ-კვირას შეიძლება აღმოჩნდეს ვაქცინაციის ცენტრებში.

შემდეგი ნაბიჯი იქნება FDA-ს მხრიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA), რის შედეგადაც, Moderna დასავლურ სამყაროში დამტკიცებული მეორე ვაქცინა გახდება.

ხმის მიცემისას თანხმობას საბჭოს 20-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა.

მათ უნდა ეპასუხათ შემდეგი შეკითხვისთვის: „არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებათა საფუძველზე, გადაწონის თუ არა Moderna-ს COVID-19-ის ვაქცინის სარგებელი მის რისკ-ფაქტორებს 18 წელს ზემოთ ადამიანებში?“

როგორც ეპიდემიოლოგმა არნოლდ მონტომ, რომელიც ლაივსტრიმს უძღვებოდა, განაცხადა, არაფერი აძლევს იმის საფუძველს, რომ ხმის მიცემა უფრო დაუძლეველი იყოს, ვიდრე წინა კვირაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მხარდაჭერის შემთხვევაში იყო.

„აკადემიურ წრეებს დეტალებში ჩართვის საშუალება გვაქვს და გასული ცხრა საათის განმავლობაში, სწორედ ასეთი დეტალები მიმოვიხილეთ“, — აღნიშნა მონტომ.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც მოწინავე mRNA ტექნოლოგიით (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) არის დამზადებული. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ვაქცინა პანდემიამდე არასოდეს ყოფილა დამტკიცებული; ორივე ვაქცინა ორ დოზას მოითხოვს.

COVID-19-ისგან დაცვის ეფექტიანობა ორივეს შემთხვევაში 95 პროცენტია, გაცილებით მაღალი, ვიდრე პროგნოზირებდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ კლინიკური ცდების დროს არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენები.

აშშ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა, სავარაუდოდ პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, რომელიც Moderna-ს ვაქცინას დაამტკიცებს.

მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში ბაზირებულმა პატარა კომპანიამ ვაქცინა აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად შექმნა და ამისათვის აშშ-ის ხელისუფლებისგან 2,5 მილიარდი დოლარი მიიღო.

30 400 ადამიანზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ დაადგინა, რომ პლაცებოსთან (ეფექტის არმქონე მარილხსნარი) შედარებით, ვაქცინის ეფექტი COVID-19-ის პრევენციაში 94,1 პროცენტია და ამ მხრივ ოდნავ უფრო უკეთ მოქმედებს ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.