მენი პაკიაომ 2019 წელს ფლოიდ მეივეზერთან შესაძლო რევანშის შესახებ გამოაცხადა
ფილიპინელმა მოკრივე მენი პაკიაომ განაცხადა, რომ 2019 წელს შესაძლებელია მატჩ-რევანშის გამართვა მასსა და ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს შორის. მენის სიტყვებით, საჭიროა ზუსტად განსაზღვრა – ვინ არის მათ შორის საუკეთესო.
შეგახსენებთ, რომ პაკიაო იანვარში გამართავს ბრძოლას ოთხ დივიზიონში მსოფლიოს ჩემპიონთან ედრიენ ბრონერთან. რაც შეეხება მეივეზერს, ის დეკემბერში, იაპონიაში კომერციული ტურნეს ფარგლებში ჩაატარებს თავის პირველ ბრძოლას MMA-ის წესებით.
„არსებობს რევანშის დიდი ალბათობა, რადგან ფლოიდი რინგზე ბრუნდება, – მოჰყავს პაკიაოს სიტყვები Sky Sports-ს. – ის დეკემბერში ჩხუბობს, მე – იანვარში. ასე რომ, დიდი შანსია, მომავალ წელს რევანშზე ვიფიქროთ. რევანში აუცილებელია, რათა ზუსტად გავარკვიოთ – ვინ არის მოგებული. პირველმა ბრძოლამ ეს ვერ აჩვენა. მაშინ ფლოიდმა გაიმარჯვა ისე, რომ ბევრი დარტყმა არ შეუსრულებია. ამჯერად, თუ რევანში შედგება, არანაირი თავის მართლება აღარ იქნება“.