მელანია ტრამპი - ძალადობა არასდროს არის პასუხი და არასოდეს იქნება გამართლებული
მელანია ტრამპი - ძალადობა არასდროს არის პასუხი და არასოდეს იქნება გამართლებული

თეთრი სახლის ოფიციალურად დატოვებამდე, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სპეციალური მიმართვა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 6 იანვრის მოვლენების შემდეგ ეს კამერის წინაშე მელანია ტრამპის პირველი საჯარო გამოჩენაა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„იყავით ენთუზიასტები ყველაფერში, რასაც გააკეთებთ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა პასუხი არასდროს არის და ის არასოდეს იქნება გამართლებული. ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.

„სიენენის“ ინფორმაციით, 20 იანვრის დილას დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სტატუსით დატოვებენ, მაგრამ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისა და მომავალი პირველი ლედის, ჯო და ჯილ ბაიდენების მიწვევას არ გეგმავენ. ეს ერთ-ერთია ძალაუფლების გადაცემის იმ რიტუალთაგან, რომელსაც ტრამპები დაარღვევენ. „სიენენის“ ინფორმაციით, პრეზიდენტისა და პირველი ლედის ნაცვლად, ჯო და ჯილ ბაიდენებს პრეზიდენტის რეზიდენციაში თეთრი სახლის ხელმძღვანელი დახვდებათ.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება.