„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის, მეისონ გრინვუდის სკანდალური ისტორია დასასრულს მიუახლოვდა. 21 წლის ფეხბურთელს ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლო პროცესი დახურეს.
გრინვუდი სკანდალში 2022 წლის დასაწყისში გაეხვა, როცა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, გარიეტ რობსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები გახეთქილი ტუჩითა და მთელ სხეულზე ჩალურჯებებით. ამას მოჰყვა აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება, რომლის საფუძველზე ფეხბურთელი თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. 30 იანვარს მანჩესტერის პოლიციამ გრინვუდი დააპატიმრა და გამოძიება დაიწყო.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მაშინვე დისტანცირდა გრინვუდისგან – საკლუბო მაღაზიიდან ამოიღეს ყველა ნივთი, რომელიც ფორვარდს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, „იუნაიტედმა“ გამოაცხადა, რომ გრინვუდი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდა ვარჯიშებსა და თამაშებს. რამდენიმე ფეხბურთელმა სოციალური ქსელებიდან ამოშალა მეისონი, კომპანია Nike-მა კი ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გრინვუდი Fifa22-ის სიმულატორიდანაც ამოშალეს.
გრინვუდი თავდებით ორჯერ გაანთავისუფლეს, მაგრამ ორჯერვე დაარღვია განთავისუფლების პირობები. მას აკრძალული ჰქონდა მსხვერპლთან კონტაქტი, მაგრამ ფეხბურთელი გოგონასთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა.
და აი, ცნობილი გახდა, რომ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს. ერთ-ერთმა პროკურორმა განაცხადა: „მნიშვნელოვანი მოწმეების მიერ ჩვენებაზე უარის თქმის, აგრეთვე საქმის ახალი მასალების შესწავლის შემდეგ აღარ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის რეალური პერსპექტივა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულნი ვართ, საქმე შევწყვიტოთ“.
აქვს თუ არა გრინვუდს შანსი, ითამაშოს ამ სეზონში? ის ერთ წელზე მეტია, არ გასულა მოედანზე – ბოლო მატჩი 2022 წლის 22 იანვარს ჩაატარა „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ.
სექტემბერში გრინვუდი 2022-23 წლების სეზონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდული გუნდის განაცხადში შეიყვანეს, რაც თეორიულად აძლევს შანსს, ითამაშოს პირველ გუნდში.
გრინვუდის განთავისუფლების თაობაზე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე გააკეთა განცხადება: „კლუბმა იცის იმის შესახებ, რომ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს. ახლა „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს და სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, კომენტარს არ გავაკეთებთ“.
ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ შიდა გამოძიების დასრულებამდე გრინვუდის მოედანზე გასვლა გამორიცხულია.