მედიის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდებს 
მედიის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდებს 

ოპოზიციური პარტიის „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ფაშინიანმა ერევნის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტებისადმი მიმართვისას განაცხადა.

როგორც news.am იუწყება, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა სახალხო ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც მან მხარდამჭერებს უთხრა, პოლიციამ მას მიტინგის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დემონსტრანტების დაშლით დაემუქრა.

„თუმცა ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით. მსვლელობას გავმართავთ და სხვა სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების პარალიზებას მოვახდენთ. იქ, სადაც შესვლას შევძლებთ, შევალთ და მჯდომარე საპროტესტო აქციებს გავმართავთ. სადაც ვერ შევძლებთ, დავსხდებით შენობების წინ და შენობაში შესვლის საშუალებას არავის მივცემთ, შენობიდან კი მხოლოდ იმ პირობით გამოვუშვებთ, თუ მიტინგს შეუერთდებიან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე. ნიკოლ ფაშინიანმა ანალოგიური მოქმედებისკენ სხვა ქალაქების მოსახლეობასაც მოუწოდა.

ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილი ერევნის პროკურატურისა და მერიის შენობისკენ დაიძრა.

აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის ბლოკირების მიუხედავად, სხდომა უკვე დაწყებულია. ამ წუთებში, ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი სერჟ სარგსიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს სწორედ პრემიერად მის არჩევას აპროტესტებენ ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები.