მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი აპირებს, თავშესაფარი შესთავაზოს ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვრემიას“ დროს ომი გააპროტესტა
მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი აპირებს, თავშესაფარი შესთავაზოს ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვრემიას“ დროს ომი გააპროტესტა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პირადად ვლადიმერ პუტინთან დააყენებს რუსი ჟურნალისტის საკითხს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ის აპირებს, თავშესაფარი შესთავაზოს რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობის დროს პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით ხელში გამოჩნდა.

„დიპლომატიურ ძალისხმევას დავიწყებ, რომელიც ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის დაცვის შეთავაზებას, საელჩოში ან საფრანგეთში თავშესაფარს. მექნება ამ შეთავაზების გაკეთების საშუალება ჩემი შემდეგი საუბრისას პრეზიდენტ პუტინთან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამჟამად მიმდინარეობს მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, მას „შეუთანხმებელი საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“ ადანაშაულებენ.

14 მარტს რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვრემიას“ დროს სტუდიაში არხის თანამშრომელი გამოჩნდა, პლაკატით „არა ომს“.