მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის დაფასებული ასტრონომისა და მათემატიკოსის სახელი დაადგინეს — საკ ტაჰნ ვააქსი #1tvმეცნიერება
მაიას კლასიკური პერიოდი, რომელიც ახ. წ. 250-900 წლებში გრძელდებოდა, ოქროს ხანა იყო ამ ცივილიზაციისთვის.
ამ პერიოდში, მაიას ხალხმა უზარმაზარი წინსვლა განიცადა არქიტექტურის, ქალაქების მშენებლობის, ხელოვნების, წერის, მათემატიკისა და ასტრონომიის განვითარების მიმართულებით.
თუმცა, მეცნიერები ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ ბოლო ორ დისციპლინაში კონკრეტულ სწავლულთა იდენტიფიცირებას, რომლებსაც მათში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეეტანათ.
ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინეს ვიღაც, სახელად საკ ტაჰნ ვააქსი, რაც „თეთრგულა მელას“ ნიშნავს. ამ ადგილობრივი მათემატიკოს-ასტრონომის სახელი საკმაოდ შთამბეჭდავი მათემატიკური ფორმულის გვერდით ეწერა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მაიას კლასიკური პერიოდის კონკრეტული მათემატიკური ან ასტრონომიული ნამუშევარი კონკრეტულ ინდივიდს დაუკავშირეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მხატვრებისა და მოქანდაკეების ხელმოწერები იდენტიფიცირებულია მოხატულ კერამიკულ ჭურჭელსა და ამოკვეთილ მონუმენტებზე, უცნობი რჩებოდნენ გამოთვლითი დროის აღრიცხვის ავტორი სწავლულები“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგი ფრანკო როსი.
აღმოჩენა გვატემალაში, შულტუნის არქეოლოგიურ ძეგლზე გაკეთდა. იქ არსებულ ერთ-ერთ პატარა ნაგებობაში, მკვლევრებმა 50-ზე მეტი მათემატიკური და ასტრონომიული „მიკროტექსტი“ აღმოაჩინეს — მოკლე წარწერები, რომლებზეც ჩამოთვლილია თარიღები, რიცხვები და გამოთვლები.

როდესაც ზოგიერთი ეს ტექსტი ნახატების, ფოტოებისა და ციფრულად გაუმჯობესებული სურათების კომბინაციის გამოყენებით გაშიფრეს, აღმოჩნდა, რომ იქ ეწერა არა მხოლოდ მათემატიკური ფორმულა, არამედ მისი ავტორის ვინაობაც.
მკვლევართა განცხადებით, თავად ფორმულა უნიკალურია მაიას ტექსტებისთვის.
ის საკმაოდ ოსტატურად ასახავს ვენერასა და სხვა პლანეტური სხეულების მოძრაობას იმ დროს უპრეცედენტო გზით, თუმცა მასში გამოყენებული ასტრონომიული და კალენდარული ერთეულები ნაცნობია.
„მათემატიკა მოიცავს მის უნიკალურ გაგებას დროის რამდენიმე ციკლს შორის კავშირებისა და კანონზომიერებების შესახებ, მათ შორის 260-დღიანი რიტუალური დღეების დათვლის, მზის წელიწადის, ასევე ვენერასა და მარსის ციკლების შესახებ“, — ამბობს ტეხას-ოსტინის უნივერსიტეტის მაიას სპეციალისტი დევიდ სტიუარტი.
და ეს გამოთვლები მნიშვნელოვანი იყო — მაიას კლასიკურ პერიოდში, ციური სხეულების მოძრაობის შესაბამისი თარიღები გამოიყენებოდა სამეფო ღონისძიებების დასაგეგმად და სამშენებლო პროექტების დასაგეგმად.
შულტუნის ძეგლზე ამ კონკრეტული ოთახის აღმოჩენიდან 16 წლის შემდეგ, კედლებზე არსებული წარწერების საფუძველზე მკვლევრებს უკვე აქვთ გამორჩეული და უპრეცედენტო აღმოჩენა.
„გამოთვლების ეს „უხეში მონახაზები“ და ცხრილები ცნობილი ხელნაწერის ადრეული ვერსიის ან შესანიშნავი ნამუშევრის ესკიზის პოვნას ჰგავს“, — ამბობს არქეოლოგი ჰითერ ჰარსტი.
მკვლევართა აზრით, ფორმულის უნიკალურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისი ავტორი აღიარების მოპოვებით იყო დაინტერესებული და სწორედ ამიტომ დატოვა იქ საკუთარი სახელი.

ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმავე ძეგლზე აღმოჩენილ სხვა ათეულობით მიკროტექსტზე, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ასევე საკ ტაჰნ ვააქსის ნამუშევარი იყოს.
ახლა შესაძლებელია სხვა ნაწერებთან კორელაციის დადგენა როგორც გამოყენებული ტექსტის სტილის, ასევე გამოთვლების მახასიათებლების თვალსაზრისით.
მაიას ცივილიზაციამ რიცხვები ნამდვილად კარგად იცოდა.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.