მაიას ცივილიზაციის შუა საუკუნეების ტექსტები მზის დაბნელების წინასწარმეტყველების შესახებ, დასავლელ მკითხველებს საუკუნეების განმავლობაში აბნევდა, მაგრამ მეცნიერებმა სავარაუდოდ საბოლოოდ ამოხსნეს, როგორ ხდებოდა ეს სინამდვილეში.
მექსიკისა და გვატემალის ადგილობრივი ცივილიზაციები კალენდარს ევროპელთა გამოჩენამდე თითქმის ორი ათასი წლით ადრეც იყენებდნენ, რითაც გასაოცარი სიზუსტით ადგენდნენ მნიშვნელოვან მოვლენათა დღეებს.
სამწუხაროდ, ამ ცოდნისა და ტექსტების უმეტესი ნაწილი ესპანურმა ინკვიზიციამ გაანადგურა; დარჩა მხოლოდ მცირე ნაწილი, საიდანაც შესაძლებელია ციური მოვლენების პროგნოზირების ამ მოწინავე მეთოდების რეკონსტრუქცია.
მე-11 – მე 12-ე საუკუნეებით დათარიღებული „დრეზდენის კოდექსი“ ევროპულ კოლონიზაციას გადარჩენილი მაიას სულ ოთხი კოდექსიდან ერთ-ერთია.
კოდექსი აკორდეონის ტიპის ქაღალდებისგან შედგება და 78-გვერდიანია. თითოეული გვერდი ხელნაწერია და კაშკაშა ფერებითაა ილუსტრირებული, აღწერს ასტრონომიას, ასტროლოგიას, სეზონებსა და სამედიცინო ცოდნას.
მზის დაბნელების პროგნოზირება მაიას საზოგადოებაში სერიოზული საქმე იყო, რადგან ეს საზოგადოება დაშენებული იყო და ფუნქციონირებდა ციურ მოვლენათა გარშემო.
„თუ გარკვეული ციური მოვლენების დროს მომხდარი მოვლენების შესახებ ჩანაწერებს შეინახავდით, შეგეძლოთ წინასწარ გაფრთხილებულიყავით და სათანადო სიფრთხილის ზომები მიგეღოთ ციკლების განმეორების შემთხვევაში“, — განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის ისტორიკოსი კიმბერლი ბრეუერი.
მაგალითად, როცა მზე მთვარეს ეფერებოდა, ცა ბნელდებოდა და მაიას ხალხის დიდგვაროვნები სისხლის გამოშვების ცერემონიებს ატარებდნენ, რათა მზის ღმერთისთვის ძალა შეეთავაზებინათ.
„ქურუმებსა და მმართველებს უნდა სცოდნოდათ, როგორ ემოქმედათ, რომელი რიტუალი და მსხვერპლშეწირვა ჩაეტარებინათ ღმერთებისთვის, რათა უზრუნველყოფილიყო განადგურების, ხელახლა დაბადებისა და განახლების ციკლების გაგრძელება“, — განმარტავს ბრეუერი.
დრეზდენის კოდექსში მოცემული ერთი ცხრილი, რომელსაც „დღეების აღმრიცხველს“ უწოდებენ, მაიას კალენდრის სპეციალისტებს მზის დაბნელებების 700 წლის განმავლობაში პროგნონოზირების საშუალებას აძლევდა. ეს ცხრილი მოიცავს 405 მთვარის თვეს (11 960 დღე), მაგრამ მეცნიერებმა ამ დრომდე არ იცოდნენ, როგორ მუშაობდა ის რეალობაში.

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ პუბლიკაციაში, აშშ-ის ალბანის უნივერსიტეტის ლინგვისტი ჯონ ჯატსონი და ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგი ჯასტინ ლოური ამის დამაჯერებელ ახსნას გვთავაზობს კალენდრის სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში.
ჯატსონი და ლოური არ ეთანხმებიან დიდი ხნის განმავლობაში გაბატონებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცხრილი თავის საბოლოო პოზიციაზე იყო დაბრუნებული (ანუ, ის განკუთვნილი იყო უწყვეტი ციკლისთვის, 405 თვის გასვლის შემდეგ უბრუნდებოდა 1 თვეს).
პრობლემა ის არის, რომ ცხრილის ამ გზით გამოყენება სინამდვილეში არ მუშაობს.
„მოულოდნელი დაბნელებები შეიძლება მოხდეს შემდეგი ან ორი ცხრილის გამოყენებისას, თუ ერთი ცხრილის ბოლო სადგური გამოყენებული იქნება შემდეგი ცხრილის შედგენის საფუძვლად და სულ უფრო და უფრო ხშირად ყოველი შემდგომი გადატვირთვისას“, — წერენ ჯატსონი და ლოური.
ისინი გვთავაზობენ, რომ ამის ნაცვლად, ახალი ცხრილი იწყება მიმდინარე ცხრილის 358-ე თვეში. ამ მიდგომით, ცხრილში მოცემული პროგნოზები მზისა და მთვარის განლაგებისთვის დაახლოებით 2 საათით და 20 წუთით ადრეა.
„ეს პროცედურა ასევე გულისხმობს, რომ ზოგჯერ, შემდეგ ცხრილში პირველი თარიღი დგინდება 223-ე თვეში, დაახლოებით 10 საათითა და 10 წუთით გვიან ამ განლაგებასთან მიმართებაში, რათა 358-ე თვეში მოხდეს გადატვირთვებისას თანდათან დაგროვებული გადახრების კორექტირება“, — წერენ მკვლევრები.
მას შემდეგ, რაც ცხრილი შეადარეს თანამედროვე ცოდნას დაბნელების ციკლების შესახებ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ მეთოდით, მაიას ქურუმებს მათ ტერიტორიაზე მზის ყოველი დაბნელების ზუსტი პროგნოზი უნდა შეძლებოდათ ახ. წ. 350 – 1150 წლებს შორის, რადგან ცხრილში სწორდებოდა დროთა განმავლობაში დაგროვებული მცირე ხარვეზები.
„ასეთი შესწორებები ცხრილის განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას, 134 წლის განმავლობაში 51 წუთზე ნაკლები გადახრით“, — წერენ მკვლევრები.
აღმოჩენა მეტყველებს, რამდენად იყო განვითარებული მათემატიკა ამ დაკარგული ცივილიზაციის კოსმოსთან სულიერ კავშირში.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



