მაიას ცივილიზაციის უძველესი, უდიდესი მონუმენტი რეალურად შეიძლება სამყაროს რუკას განასახიერებდეს — #1tvმეცნიერება
მაიას ცივილიზაციის უძველესი, უდიდესი მონუმენტი რეალურად შეიძლება სამყაროს რუკას განასახიერებდეს — #1tvმეცნიერება

მაიას ცივილიზაციის მიერ დაახლოებით 3000 წლის წინ აშენებული მონუმენტური კომპლექსი კოსმოსის რუკაზე იყო მოდელირებული; ამის შესახებ ახალი საველე სამუშაოები მიუთითებს.

ძეგლ აგუადა-ფენიქსის დეტალური დათვალიერება ცხადყოფს, რომ ეს მონუმენტი არა მხოლოდ იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე თავდაპირველი კვლევა მიუთითებდა — ჯვრის ფორმის, 9 და 7,5 კილომეტრიანი ღერძებით — არამედ აშენებული იყო კოსმოგრამის სახით, არქიტექტურის, რომელიც კოსმოსის სიმბოლოა.

სტრუქტურა კიდევ უფრო გამორჩეულია იმით, რომ ძეგლი არ შეიცავს სოციალური უთანასწორობის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ელიტის რეზიდენციები ან მმართველების ქანდაკებები.

ეს ძლიერ მიუთითებს იმაზე, რომ თანასწორუფლებიან (ეგალიტარული) კულტურებს შეეძლოთ მონუმენტური მშენებლობა მეფის მიერ მართული სტრატიფიცირებული სოციალური იერარქიითა და იძულებითი ძალის გამოყენების გარეშე.

აგუადა-ფენიქსი LIDAR-ის ლაზერული სისტემით აღმოაჩინეს მექსიკის ტაბასკოს შტატში, მექსიკის ყურის სიახლოვეს და ეს აღმოჩენა რამდენიმე მიზეზის გამოა გამორჩეული.

პირველი ესაა ძეგლის ზომა; ის უდიდესია ამ დროისათვის აღმოჩენილ მაიას ძეგლებს შორის. სხვა მრავალი დაკარგული მესოამერიკული, ცენტრალურამერიკული და სამხრეთამერიკული სტრუქტურის მსგავსად, ტყეში არაა დამალული და დასახლებული ზონის ქვეშაა. ამას გარდა, შეინიშნებოდა სოციალური იერარქიის ზემოთ ხსენებული მტკიცებულებების ნაკლებობა.

ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა არიზონის უნივერსიტეტის არქეოლოგ ტაკეში ინომატას ხელმძღვანელობით, დამატებითი დათვალიერება ჩაატარა LIDAR-ით, ასევე განახორციელეს საველე სამუშაოები და გათხრები. ასე დაადგინეს, რომ აგუადა-ფენიქსი გაცილებით ვრცელი და კომპლექსურია — არა მხოლოდ ფიზიკური მასშტაბით, არამედ იმითაც, თუ რა შეიძლება გვითხრას იმ ხალხის შესახებ, რომელმაც ის ააგო ძვ. წ. 1050 – 700 წლებში.

„კოლექტიური ცერემონიების, ნადიმებისა და საქონლის გაცვლის მიმზიდველობასთან ერთად, კოსმოგრამის მშენებლობამ, სამყაროს წესრიგის მატერიალიზაციამ, სავარაუდოდ, უზრუნველყო დიდი რაოდენობით ადამიანების იძულებითი ძალის გარეშე მონაწილეობის მიღების საფუძველი. აგუადა-ფენიქსის მშენებლობა მაგალითია გამოკვეთილი უთანასწორობის გარეშე ადამიანის ორგანიზების უნარისა, მაგრამ ასევე მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ადრეული მშენებლები აწყდებოდნენ“, — წერენ მკვლევრები.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მონუმენტის განლაგება ჯვრის ფორმისაა, ძეგლის ცენტრამდე მიმავალი გრძელი ღერძებით. ცენტრი მდებარეობს ხელოვნურ პლატოზე და მოიცავს შუაში მდებარე ორ გამოკვეთილად ჯვრის ფორმის თხრილს.

თითოეული გრძელი ღერძი შედგება დერეფნისა და ორი ქვაფენილისგან; დერეფანი მიწაშია გათხრილი, ქვაფენილები კი მის ორივე მხარეს, მიწის ზემოთაა გაყვანილი. ყველაზე გრძელი დერეფანი ჩრდილო-დასავლეთით მიემართება და 6,3 კმ სიგრძისაა. მკვლევართა ვარაუდით, ის შეიძლება რიტუალური მსვლელობებისთვის გამოიყენებოდა მონუმენტის საზეიმო ცენტრში შესასვლელ-გასასვლელად.

დასავლეთ ღერძის გარშემო, სადაც სტრუქტურა ნარანხიტოს ლაგუნას კვეთს, მშენებლებს აგებული აქვთ არხების სისტემა, რაც შეიძლება მიუთითებდეს წყლის რიტუალურ მნიშვნელობაზე. ეს არხები დაუსრულებელია, რაც მიუთითებს, რომ მშენებლები შეზღუდვებს წააწყდნენ როგორც უნარებში, ასევე მშენებლობის ორგანიზების უნარში.

ყველაზე ძვირფასი აღმოჩენები სწორედ აგუადა-ფენიქსის საცერემონიო ცენტრის გათხრებისას გაკეთდა. ჯვრის თხრილის ზუსტად ცენტრში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სპეციალურ ჭურჭელში მიმართულებითი წესრიგით მოთავსებული პიგმენტის დეპოზიტები. ცისფერი აზურიტის პიგმენტი ჩრდილოეთით იყო მოთავსებული; მწვანე მალაქიტი აღმოსავლეთით; და ყვითელი მინერალ გოეთიტის შემცველი ყვითელი ჟანგმიწა — სამხრეთით.

ეს წარმოადგენს მესოამერიკული მიმართულებითი ფერების სიმბოლიზმის ჩვენთვის ცნობილ უძველეს მაგალითს, მოტივს, რომელიც მოგვიანებით ჩნდება მაიას კოსმოგრამებში და დაკავშირებულია სამყაროს კარდინალური მიმართულებების ფერებში კოდირებულ ელემენტებთან.

„ვიცოდით, რომ არსებობს არსებობს კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებული კონკრეტული ფერები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა მესოამერიკული ხალხისთვის, ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი ხალხისთვისაც კი. თუმცა, არასოდეს გვენახა ასე მოთავსებული პიგმენტები. პირველი შემთხვევაა, როცა ვიპოვეთ ყოველ კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებული ეს პიგმენტები. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ძლიერ ამაღელვებელი იყო“, — ამბობს ინომატა.

ამ თხრილებში, მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს ნიჟარების, ჟადისა და მწვანე ქვისგან დამზადებული ძღვენი — ნიანგები, ჩიტები და მშობიარე ქალიც კი; ყველა მათგანი ერთნაირად, ჯვრის ფორმით იყო დალაგებული. ესეც კოსმოლოგიურ განლაგებასთანაა შესაბამისობაში; ნიჟარები გვერდებზე იყო მოთავსებული, რაც წყალს აღნიშნავს.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ადამიანის ორგანიზების როგორც შესაძლებლობების, ისე შეუძლებლობების შესახებ. მეორე მხრივ, მშენებლობა დაუსრულებელია, მიუხედავად იმისა, რომ აგუადა-ფენიქსს სავარაუდოდ ასეულობით წლის განმავლობაში იყენებდნენ.

„კოსმოგრამის მშენებლობა განასახიერებს სამყაროსა და დროის წესრიგს და სავარაუდოდ, მრავალი ადამიანისთვის იყო მშენებლობაში ჩართვის მოტივაცია იძულების გარეშე“, — წერენ მკვლევრები.

ინომატას განცხადებით, ხალხი ფიქრობს, რომ წარსულში გარკვეული რამეები ხდებოდა იმიტომ, რომ იყვნენ მეფეები — და მეფეები აშენებდნენ პირამიდებს და რომ დღეს ძლიერი ხალხია საჭირო იგივე რამეების მისაღწევად.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც წარსულის რეალურ მონაცემებს ნახავ, აღმოაჩენ, რომ ასე არ იყო. შესაბამისად, არაა საჭირო რეალურად დიდი სოციალური უთანასწორობა მნიშვნელოვანი რამეების შესაქმნელად.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.