მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა
მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა

მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული ძალიან სამწუხარო ფაქტის – 15 წლის დაშავებული მოზარდის საკითხის შესწავლაში და პირველ რიგში, იმედს გამოთქვამს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა.

სამინისტროში მუშაობს ასევე ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი 0800000088. სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი 2200220(3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220(3335) ცხელი ხაზის ნომრები განთავსებულია როგორც მანდატურის სამსახურის საიტზე, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.