მატჩის წინათქმა: სამხრეთ აფრიკა - არგენტინა | რაგბი ჩემფიონშიფი
20:07, 17.08.2018
არგენტინელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, მარიო ლედესმა საკუთარი გუნდისგან „რაგბი ჩემფიონშიფის“ პირველი მატჩის მოგებას ელის. ხვალ არგენტინელები დურბანში სამხრეთ აფრიკას ესტუმრებიან. შეხვედრა 19:05 საათზე დაიწყება.
არგენტინა ტურნირზე 2012 წლიდან ჩაერთო და უკვე 33 შეხვედრა გამართა. ამათგან „პუმებმა“ მხოლოდ სამი მოიგეს და ერთიც ფრედ ითამაშეს, თუმცა ლედესმას სჯერა, რომ მის გუნდში მყოფ მოთამაშეებს ნებისმიერი ნაკრების დამარცხების უნარი აქვთ.
არგენტინული რაგბის ლეგენდარული კვაჭი შერკინების მწვრთნელის რანგში საფრანგეთის და ავსტრალიის ნაკრებში ვიხილეთ. შემდეგ მან „ხაგუარესი“ ჩაიბარა და ისტორიაში პირველად „ზე რაგბის“ მეოთხედფინალში გაიყვანა.
„პუმების“ ახალი მწვრთნელის მოთხოვნით არგენტინელები წელს ევროპაში მოთამაშე მორაგბეებსაც უხმობენ ნაკრებში და „პრემიერშიფის“ „სარასენზსში“ მოთამაშე ბურჯი, ხუან ფიგაჟო სწორედ ერთადერთი მათგანია, რომელიც სამხრეთ აფრიკის წინააღგმდეგ ძირთად შემადგენლობაში იქნება.
„ქურციკების“ მთავარი მწვრთნელი რასი ერასმუსი აცნობიერებს, რომ არგენტინას წინა წლებთან შედარებით ძლიერი გუნდი ეყოლება –
„მარიო (ლედესმა) არგენტინის ნაკრებს ახალ ენერგიას მისცემს. „ხაგუარესთან“ ერთად მან ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო და შემდეგ ყველა სამხრეთ აფრიკული კლუბი დაამარცხა. ჩვენ მათ ადრეც დავუმარცხებივართ და ახლაც ამის იმედი ექნებათ. არგენტინა აუტსაიდერად ითვლება და ისინი სწორედ ამ დროს არიან ყველაზე საშიშნი.“
ერასმუსის გაწვრთნილმა სამხრეთ აფრიკამ ივნისის ტესტებზე ინგლისთან სამი მატჩი გამართა და ორი მოიგო, მაგრამ „ხაგუარესის“ კარგი შედეგი და ლედესმას მთავარ მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა სტუმრებს თავდაჯერებას შემატებს.
მნიშვნელოვანი მოთამაშეები:
სამხრეთ აფრიკა: „სტორმერსის“ მორკინალი პიტერ-სტეფ დუ ტოიტი „ქურციკების“ რიგებში უკვე გამოცდილ მორაგბედ ითვლება, არადა ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. მღლეტელის პოზიციაზე თამაშობს ის, თუ მხტომელის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს – ივნისის ტესტებზე მან ბურთი წინ ყველაზე მეტჯერ (42) წაიღო.
არგენტინა: „ხაგუარესის“ კაპიტანმა, პაბლო მატერამ მორიგი შესანიშნავი საკლუბო სეზონი ჩაატარა. იგი იყო ერთ-ერთი იმ სამი მორაგბიდან, რომელსაც თამაშში საშუალოდ ათი გაკეთებული უპირატესობა (ბურთით ხელში) და ამდენივე ბოჭვა ჰქონდა. იგი კვაჭ ავგუსტინ კრივისთან ერთად ნაკრების ლიდერი იქნება.