მასშტაბური კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 14 პროცენტს სავარაუდოდ ლაიმის დაავადება აქვს — #1tvმეცნიერება
მასშტაბური კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 14 პროცენტს სავარაუდოდ ლაიმის დაავადება აქვს — #1tvმეცნიერება

მსოფლიოს მოსახლეობის 14 პროცენტზე მეტს ლაიმის დაავადება აქვს გადატანილი — ინფექცია, რომელიც ტკიპებს გადააქვთ; ამის შესახებ ხელმისაწვდომ კვლევათა ახალი, დიდი მიმოხილვა იუწყება.

ჟურნალ BMJ Global Health-ში გამოქვეყნებული ამ კვლევის მიხედვით, ინფექციის უდიდესი მაჩვენებელი, 20 პროცენტი, ცენტრალურ ევროპაში ფიქსირდება, სადაც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან სოფლად მცხოვრები 50 წელს გადაცილებული მამაკაცები.

დაავადება იშვიათად არის ფატალური, მაგრამ ინფიცირებული ტკიპას კბენის შემდეგ, ადამიანს ხშირად უჩნდება გამონაყარი და უვითარდება გრიპის მსგავსი სიმპტომები — მათ შორის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება.

იმისათვის, რათა გაერკვიათ, რამდენად არის მსოფლიოში გავრცელებული ლაიმის დაავადება, მეცნიერებმა 89 სხვადასხვა კვლევის მონაცემები გააერთიანეს.

დაავადების გამომწვევი ბაქტერია Borrelia burgdorferi (Bb) აღმოაჩინეს კვლევაში მონაწილე თითქმის 160 000 ადამიანიდან 14,5 პროცენტის სისხლში.

„ეს გახლავთ ყველაზე სრულყოფილი და ახალი, დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელების სისტემური მიმოხილვა“, — წერენ მკვლევრები.

ცენტრალური ევროპის შემდეგ, ანტისხეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 15,9 პროცენტი დაფიქსირდა აღმოსავლეთ აზიაში, 13,5 პროცენტი დასავლეთ ევროპაში და 10,4 პროცენტი აღმოსავლეთ ევროპაში.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2 პროცენტი კარიბის ზღვის აუზში ფიქსირდება.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ტკიპებით გამოწვეული ამ დაავადების გავრცელება გასულ 12 წელიწადში გაორმაგდა.

მკვლევართა განცხადებით, ზრდის მიზეზებს შორის კლიმატის ცვლილების გამო გახანგრძლივებული, მშრალი ზაფხული, ცხოველების მიგრაცია, ჰაბიტატის დაკარგვა და სულ უფრო ხშირი კონტაქტი შინაურ ცხოველებთან.

კვლევის მიხედვით, ინფიცირებული ტკიპას მიერ კბენის ყველაზე მაღალი რისკი აქვთ ფერმერებსა და ადამიანებს, რომლებსაც რეგულარული კონტაქტი აქვთ ცხოველებთან, მაგალითად, ძაღლებთან და ცხვრებთან.

ავტორები გვაფრთხილებენ, რომ მაჩვენებლები შეიძლება დამახინჯებული იყოს ისეთი რეგიონებისთვის, სადაც ლაიმის დაავადება ენდემურია, ვიდრე იმ რეგიონებისთვის, სადაც ის ნაკლებად არის გავრცელებული, რადგან ენდემური გავრცელების რეგიონებში ჯანდაცვის მუშაკები რეგულარულად იტარებენ ანტისხეულებზე ტესტირებას.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.