მასიმო კარერა ჯანო ანანიძის შესახებ - დიდი ფეხბურთელია და იმაზე ნაკლებ წარმატებას მიაღწია, ვიდრე იმსახურებდა #1TVSPORT
იტალიური „ბარის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ კომენტარი გააკეთა, მოსკოვის „სპარტაკში“ მისი ყოფილი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის შესახებ, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქრონიკული ტრავმები და მუდმივი რეციდივები 29 წლის ქართველ ფეხბურთელს მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას არ აძლევს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მან კარიერა დაასრულა. ჯანო დიდი ფეხბურთელია, დიდი ტალანტი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, სერიოზული პროფესიონალი და დიდი ადამიანი, ალბათ, იმაზე ნაკლებ წარმატებას მიაღწია, ვიდრე იმსახურებდა. ახალ კარიერაში გულწრფელად ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!“, – განაცხადა კარერამ „რბ სპორტთან“ ინტერვიუში.
მასიმო კარერას საინტერესო სამწვრთნელო კარიერა აქვს – იყო „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 2016 წლიდან მოსკოვის „სპარტაკს“ მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ ათენის აეკ-ი ჩაიბარა, ხოლო 2021 წლიდან „ბარის“ ავარჯიშებს.
ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრებში 49 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ის მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში გახდა რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი, ხოლო „როსტოვში“ რუსეთის თასს დაეუფლა. ბოლოს ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.