მაროკოს ნაკრების მწვრთნელი - საფრანგეთთან ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს #1TVSPORT
მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთთან დამარცხებაზე (0:2) კომენტარი გააკეთა და თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე, და კონკრეტულად საფრანგეთთან, ყველაფერი გავაკეთეთ და ეს ყველაზე მთავარია. რამდენიმე ტრავმირებული გვყავდა, გახურების დროს აგერი დავკარგეთ, ხოლო თამაშის დროს – საისი და მაზრაუი.
მაგრამ მე არაფერი მაქვს სათქმელი. ასეთი დონის ტურნირზე მცირე შეცდომისთვისაც საზღაური უნდა გადაიხადო. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველ ტაიმში ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ, მეორე გოლი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ეს არაფერს ცვლის და ვერ წაშლის იმას, რაც აქამდე გავაკეთეთ.
ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც დღეს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, მოგებისთვის ყველაფერი გაიღო. მათი მხრიდან შეცდომები არ ყოფილა. მეორე ტაიმი ბევრად უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა რეგრაგიმ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთან.
მარცხის მიუხედავად, მაროკოს ნაკრები მედლების შანსებს ინარჩუნებს. შაბათს, 17 დეკემბერს მაროკოელები მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიასთან ითამაშებენ, რომელიც ნახევარფინალში არგენტინასთან 0:3 დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში კი საფრანგეთის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ კვირას, 18 დეკემბერს ითამაშებს – მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.