მაროკოს მწვრთნელი - მთავარი გუნდური სულისკვეთებაა, მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ #1TVSPORT
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკო საფრანგეთს დაუპირისპირდება. აფრიკული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ გუნდის გულშემატკივრებზე ისაუბრა.
„ჩემთვის ჩვენი გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესოები არიან ბრაზილიელებთან და არგენტინელებთან ერთად. მიხარია, რომ მაროკოელი გულშემატკივრების შესახებ ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ისინი არიან გიჟები, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა, თავიანთი კლუბები, მათ შეუძლიათ ყველგან ფრენა თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად. ხვალ მინიმუმ 20 000 გულშემატკივარი დაგვიჭერს მხარს, ამიტომ ისე ვითამაშებთ, როგორც სახლში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რეგრაგიმ.
მისი თქმით, მაროკოს ნაკრები მუნდიალის ფინალში გასვლაზე ოცნებობს.
„მთავარი გუნდური სულისკვეთებაა. ყველა მოთამაშემ იცის, რომ ამ მატჩის მოსაგებად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ყველაფერი უნდა გავიღოთ. ჩვენ ყოველთვის გუნდურად და კარგი შემართებით ვთამაშობთ, ჩემთვის ფეხბურთში ყველაზე მთავარი სულისკვეთება და გულით თამაშია“.
მატჩი საფრანგეთი-მაროკო ოთხშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. თამაშის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.