მაროკომ პორტუგალია დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
მაროკომ პორტუგალია დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა: მეოთხედფინალში ერთმანეთის წინაშე მაროკო და პორტუგალია წარდგნენ. აფრიკელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის ორგანიზებული გუნდი ჰყავთ. მათ პორტუგალიაც დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ.

 

მუნდიალებზე აფრიკული გუნდების მაქსიმუმი 1/4 ფინალი იყო. 1990 წელს ამ ეტაპზე კამერუნმა ითამაშა, 2002 წელს – სენეგალმა, ხოლო 2010-ში – განამ. მაროკომ მათი შედეგი გააუმჯობესა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა.

მაროკოელებმა მიზნისკენ დიდი ნაბიჯი პორტუგალიასთან მატჩის 42-ე წუთზე გადადგეს, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებულს ენ-ნესირი კარგად დახვდა – იგი იმდენად მაღლა ახტა, თვით რონალდოც გააკვირვა და მაროკოელები 1:0 დააწინაურა.

ეს გახლდათ ენ-ნესირის მესამე გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ამდენი გოლი მუნდიალებზე არცერთ მაროკოელს არ გაუტანია.

მე-60 წუთიდან მატჩის სურათი შეიცვალა: თუ მანამდე მაროკოელები დაცვისას კარგად ამოდიოდნენ, მატჩის ბოლოს საკუთარ ნახევარზე გამაგრდნენ იმ იმედით, რომ ანგარიშს შეინარჩუნებდნენ.

პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მოედანზე რონალდოც გამოიყვანა, ლეაოც, კანსელოც და პორტუგალიელთა შეტევები კიდევ უფრო მწვავე გახდა. ეს იყო კრიშტიანო რონალდოს 196-ე მატჩი პორტუგალიის ნაკრებში. იგი ყველა დროის რეკორდსმენს, ქუვეითელ ბადერ ალ-მუტავას გაუთანაბრდა.

დიდი მონდომების მიუხედავად, პორტუგალიელებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს. მაროკომ კი გააზრებული და თავგანწირული თამაშით თავი ბოლომდე დაიცვა. 1:0 აფრიკელთა სასარგებლოდ.

1/2-ფინალში მაროკო ინგლისი-საფრანგეთის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.