მარკო ვერატი კატარის კლუბის, „ალ-არაბის“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი „პარი სენ-ჟერმენიდან“ კარიერას კატარის კლუბში, „ალ-არაბიში“ გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
მარკო ვერატის სანაცვლოდ „ალ-არაბიმ“ პარიზელებს 45 მილიონი ევრო გადაუხადა. იტალიელი სამი წლის მანძილზე, ჯამში, 90 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით. „ალ-არაბის“ შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან ვერატის ყოფილი თანაგუნდელები: აბდუ დიალო და რაფინია.
მარკო ვერატი „პარი სენ-ჟერმენში“ 2012 წელს გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ის 11-ჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, ხოლო 2020 წელს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
„ალ-არაბიმ“ კატარის სუპერლიგის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში შვიდჯერ მოიპოვა, ხოლო ცხრაჯერ კატარის თასს დაეუფლა.
არაბული სახელმწიფოს საფეხბურთო ლიგაში ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიოც გადავიდა, ის „ალ-დუჰაილის“ ღირსებას დაიცავს.