პსჟ-მ ნეიმარი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT
პსჟ-მ ნეიმარი ტრანსფერზე დააყენა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ შეადგინა მოთამაშეთა სია, რომლებთანაც ზაფხულში გამოთხოვებას გეგმავს.

როგორც გამოცემა RMC Sport-ი წერს, ამ სიაში პირველ ნომრად არის ნახევარმცველი კარლოს სოლერი, რომელიც პსჟ-მ შარშან 21 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანელმა იმედები გაუცრუა კლუბს და ვერ მოერგო კრისტოფ გალტიეს სისტემას.

ასევე, პარიზული კლუბი იმედგაცრუებულია რენატო სანჩესით, რომელმაც ბევრი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო, ხოლო როცა მოედანზე გადიოდა, დამაჯერებელ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებდა. პორტუგალიელი მზად არის, განიხილოს წინადადება წასვლის შესახებ, თუმცა დარჩენა ურჩევნია. სანჩესი დარწმუნებულია, რომ უკეთ თამაში შეუძლია, მაგრამ ნაკლებად სჯერა, რომ პსჟ მას ამის დამტკიცების საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, პსჟ მზად არის, გამოეთხოვოს ფორვარდ უგო ეკიტიკს, რომელმაც 32 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ეს ფეხბურთელი გერმანული „აინტრახტის“ პრიოროტეტია რანდალ კოლო-მუანის წასვლის შემთხვევაში.

კლუბში ასევე არ აპირებენ აქცენტის გაკეთებას მაურო იკარდიზე და ლეანდრო პარედესზე.

ასევე, პსჟ მზად არის, გამოეთხოვოს სამ ფეხბურთელს, რომლებიც რეგულარულად ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში, ესენი არიან: აშრაფ ჰაკიმი, მარკო ვერატი და ნეიმარი.

ბოლო თვეებში ჰაკიმი ნაკლებად კომფორტულად გრძნობს თავს პარიზში, გუნდი კი შეშფოთებულია მაროკოელის გარშემო სკანდალებით. თუ მცველი კლუბის შეცვლის სურვილს გამოთქვამს, მას იოლად გაუშვებენ. იგივე ეხება ვერატის, რომელსაც თავად პსჟ-ში დარჩენა უნდა.

„პარი სენ-ჟერმენს“ ნეიმართან გამოთხოვება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ამ ზაფხულს მას ისევ დააყენებენ ტრანსფერზე. მაღალი ხელფასისა და ხშირი ტრავმიანობის გათვალისწინებით, დაინტერესებული კლუბების რაოდენობა ცოტაა, მაგრამ რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა ბოლო პერიოდში ფორვარდის მიმართ ინტერესი გამოთქვა.