მარკ ცუკერბერგი - აშშ-ის მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა კორონავირუსთან გამკლავების მხრივ
მარკ ცუკერბერგი - აშშ-ის მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა კორონავირუსთან გამკლავების მხრივ

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების გამო აკრიტიკებს. როგორც ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსი“ იტყობინება, ამის შესახებ „ფეისბუქის“ ხელმძღვანელმა აშშ-ის მთავარ ინფექციონისტთან, ენტონი ფაუჩისთან საუბრისას განაცხადა. ფაუჩისა და ცუკერბერგის დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის ტრანსლაცია „ფეისბუქში“ მიმდინარეობდა.

„ამჟამად აშკარაა, რომ აშშ-ში ტრაექტორია (ინფიცირების მაჩვენებლის) მნიშვნელოვნად უარესია, ვიდრე მრავალ სხვა ქვეყანაში; რომ ჩვენი მთავრობა და ეს ადმინისტრაცია ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა ამასთან გამკლავების მხრივ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგმა აღნიშნა: „მე, პირადად, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ“.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანას ან თითქმის ყველა სხვა ქვეყანას აქვს ინფიცირების ახალი შემთხვევების შედარებით ნაკლები რაოდენობა, ჩვენ ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობის წინაშე ვართ“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა სოციალური დისტანციის დაცვის, ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივ სივრცეში პირბადის ტარების მნიშვნელობა. ასევე, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთმა შტატმა და ქალაქმა უგულებელყო ოფიციალური ინსტრუქციები შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და მათი შემსუბუქება ზედმეტად ადრე დაიწყო. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ფაუჩის თქმით, ხელისუფლების რეკომენდაციების თავად მოქალაქეები უგულებელყოფდნენ.