მარინა კალიურანდი - ყველამ წინასწარ უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს
მარინა კალიურანდი - ყველამ წინასწარ უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს

ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროპარლამენტის წევრის, მარინა კალიურანდის თქმით, ყველამ წინასწარ უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მარინა კალიურანდმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობა შეაფასა: „ვიტყოდი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია გართულდა. სამწუხაროდ, ქართულმა ოპოზიციამ მაშინ არ აღიარა არჩევნების შედეგები, საერთაშორისო დამკვირვებლების შედეგები და განსაკუთრებით, ეუთოს/ოდირი-ს შეფასებები. ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ საქართველოში უკვე ერთი წელია პოლიტიკურ სტაბილურობა არ არსებობს. ჩვენ ყველა რთულ პერიოდს გავდივართ – მიმდინარეობს კოვიდპანდემიის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, ევროპა თავად განიცდის საკუთარ პრობლემებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებს ამ ერთი წლის განმავლობაში. შარლ მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების და მთავრობის მიერ ხელის მოწერის შემდეგ, ერთგვარი ოპტიმიზმი იგრძნობოდა. აქაც, სამწუხაროდ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ამის შედეგად კი პოლარიზაცია ყოველკვირეულად ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა. დღეს კი, პოლარიზაცია ყოველდღიურად და ზოგჯერ საათობრივად ღრმავდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა და რომ ქვეყანა შეძლებს ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამასთან, კალიურანდმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის განცხადებაზე, რომ მათი ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ პროვოკაციებს გეგმავს.

„წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია. მაგრამ საქართველო ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია. პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მე ვუსმენ „ქართულ ოცნებას“ და ისინი ოპოზიციას სდებენ ბრალს, ვუსმენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. მე, როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი, ვამბობს, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.

გთხოვთ, დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ ოდირი-ს დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სტაბილურობა საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დღევანდელის ნაცვლად ხვალინდელ დღეზე იფიქრონ, სახელმწიფოებრივად მოიქცნენ და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე დადონ“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ამასთან, ევროდეპუტატის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება არსად გამქრალა და ელოდებიან, რომ მისი პირობები შესრულდება.