ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანი, პოლიცის განყოფილება ცდილობდნენ, მომხდარს არ მისცემოდა გამოძიების სახე, თუმცა ჩვენებებიდან ჩანს, რომ სკოლა ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას
ადვოკატი - მარიანა ჩოლოიანი, პოლიცის განყოფილება ცდილობდნენ, მომხდარს არ მისცემოდა გამოძიების სახე, თუმცა ჩვენებებიდან ჩანს, რომ სკოლა ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას

ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე, რომელიც კლინიკაში გაიმართება, ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

მისივე თქმით, შუამდგომლობა დასაბუთებული იქნება.

„სასამართლომ მიიღო მხედველობაში, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, პროცესი გაგრძელდეს სასამართლო დარბაზში. დაცვის მხარე წარუდგენს სასამართლოს დასაბუთებულ შუამდგომლობას მტკიცებულებებზე მითითებით, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამოყენებული იქნეს გირაო“ ,- განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, თეონა გვაზავა ამბობს, რომ ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.  თუმცა, ადვოკატის თქმით, თითოეული მტკიცებულება არასარულწლოვნების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„რაც შეეხება მტკიცებულებებს, ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი უპირატესობას ანიჭებს არასარულწლოვნების საუკეთესო ინტერესებს, თითოეული მტკიცებულება და არგუმენტი სწორედ ამ შინაარსიდან გამომდინარეობს და დეტალურად ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია, სასამართლო პროცესი ღია, თუ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება“ ,- განაცხადაადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები , არ არის ურთიერთშეთავსებადი და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

„ფაქტობრივად, ემყარება ერთ ჩვენებას და საქმეში წარმოდგენილია კანონიერი წარმომადგენლის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელიც თვითონვე აფიქსირებს, რომ რაიმე სახის იძულებითი ქმედება არ განხორციელებულა; არასრულწლოვნებს, სხვა პირებს არ ქონიათ შემხებლობა პოლიციის განყოფილებაში, ისინი ისხდნენ განცალკევებით და მოშორებით. ეს ინფორმაცია მითითებულია კანონიერი წარმომადგენლის ჩვენებაში. ასევე, ის უთითებს, რომ მას განემარტა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიერ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ძირითადი უფლება-მოვალეობა“ ,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის მასალებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ და მათი დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბრალდების მხარეს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს საგამოძიებო ორგანო, ჰქონდა უფლებამოსილება, დისკრეციულ ფარგლებში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს, რომ არ ყოფილიყო გამოყენებული ისეთი ღონისძიება, როგორიც არის გამოძიების დაწყება. სწორედ ამიტომაც, მარიანა ჩოლოიანი და დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილება ცდილობდა, ამ ფორმატს არ მისცემოდა გამოძიების სახე, თუმცა საქმეში წარმოდგენილია, როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორის, ასევე, მენეჯერის სხვა წარმომადგენლების, მათ შორის მასწავლებლების ჩვენებები, რომლებიც ცალსახად აფიქსირებენ იმ ზიანს, რა ზიანიც მიადგათ და ითხოვდნენ აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას. საგამოძიებო ორგანოს თვითონ სკოლამ მიაწოდა ინფორმაცია და ესეც ასევე დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით, რომ მათ დაადგინეს, თუ რომელმა პიროვნებამ, რომელმა არასრულწლოვანმა განახორციელა ან ქონდა კავშირი კედლებისა, თუ დაფის დაზიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისი მონაცემები, ვინც ინფორმაციას ფლობდა ამ კუთხით, მათ შორის ფეისბუქ მიმოწერების სახით, სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო და წარუდგინა ჯერ კიდევ პოლიციის განყოფილებაში მისულ თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ, გარკვეულიყვნენ ვითარებაში“ ,- განაცხადა ადვოკატმა.

მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში უნდა გაიმართოს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.