მარიანა ჩილოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო კლინიკაში იმსჯელებს
მარიანა ჩილოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო კლინიკაში იმსჯელებს

მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაგრძელდება.

ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდება სასამართლოში და აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა გაგრძელდეს კლინიკაში. ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა.

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სხდომა კავკასიის მედიცინის ცენტრში გაგრძელდეს.

ადვოკატები აპირებენ, აღკვეთის ღონისძიებაზე 5 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენონ.

დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ გარდაცვლილი არასრულწლოვანი დედის ჩვენებაა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აპირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობა დააყენოს. პროკურორ ლევან ქუთათელაძის განცხადებით არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ასევე პროკურორის განცხადებით საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა რომელიც ადასტურებს დაკავებულისთვის შერაცხულ ბრალდებას.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.