მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს მოზარდებზე ზეწოლა არ მოუხდენია, რისი ვიდეოჩანაწერიც არსებობს
მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს მოზარდებზე ზეწოლა არ მოუხდენია, რისი ვიდეოჩანაწერიც არსებობს

არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მარიანა ჩოლოიანი არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს, – ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულ ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.

„არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მარიანა ჩოლოიანი არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს, არანაირი შემხებლობა არ აქვს. გამომძიებელმა გამოკითხვა აწარმოა, ოქმი შეადგინა და დასრულდა. ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენი პოზიციაა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. თუ შეუფარდეს პატიმრობა, დღესვე გადაიყვანენ საპატიმროში“, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში უნდა გაიმართოს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.