მარიამ ჯაში - სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობიდან წასვლით მაღალი მორალური სტანდარტი დაადასტურა
მარიამ ჯაში - სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობიდან წასვლით მაღალი მორალური სტანდარტი დაადასტურა

ნაძალადევის რაიონში, ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა თანამდებობიდან წასვლით დაადასტურა მაღალი მორალური და ზნეობრივი სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური დამცველის ინსტიტუტი არ არის შესაბამისად შეფასებული და დაფასებული. ამასთან, აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მაღალია სოციალური მუშაკების პასუხისმგებლობა.

„უმძიმეს ფაქტზე გვიწევს შეფასებები. სოციალური მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხებზე ვფიქრობ, ადეკვატური ნაბიჯი იყო. აბსოლუტურად მივესალმები მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის გადაწყვეტილებას. მან როგორც ყოველთვის, დაადასტურა მაღალი მორალური და ზნეობრივი სტანდარტები, რომლითაც ყოველთვის უდგებოდა საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობებს.

რაც შეეხება სისტემურ ცვლილებებს, ზოგადად სოციალური დამცველის ინსტიტუტი არ არის შესაბამისად შეფასებული და ასევე დაფასებული. აღნიშნულმა სავალალო შედეგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მაღალია სოციალური მუშაკების პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც ეტაპობრივად შევიდა ძალაში და აუცილებელია როგორც რაოდენობრივად გაიზარდოს სოციალური მუშაკების დასაქმების შესაძლებლობები, ასევე მათი კომპეტენციის გაზრდა არის უმნიშვნელოვანესი. ბუნებრივია, ეს ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინვესტიციას“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დღეს გაათავისუფლეს, ხოლო მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა 22 იანვარს დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 24 იანვარს შეეფარდა. ლეილა ქსოვრელს ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ედება ბრალად.