მარიამ ჯაში - დიალოგის ფორმატში მოსაძებნია ბალანსი, რომლითაც დავიცავთ თითოეული ადამიანის უფლებას და თავიდან ავიცილებთ შესაძლო დაპირისპირებებს  
მარიამ ჯაში - დიალოგის ფორმატში მოსაძებნია ბალანსი, რომლითაც დავიცავთ თითოეული ადამიანის უფლებას და თავიდან ავიცილებთ შესაძლო დაპირისპირებებს  

ლგბტ უფლებები მგრძნობიარე თემაა განსაკუთრებით კონსერვატორული საზოგადოებისთვის, წლების მანძილზე აღნიშნული აქციები ხდებოდა გარკვეული საზოგადოებრივი დაპირისპირების საფუძველი, რაც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გადაილახოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბალანსი აუცილებლად დიალოგის ფორმატში უნდა გამოიძებნოს.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს დიალოგის ფორმატში მოსაძებნი ბალანსი, რომლითაც ერთი მხრივ, დავიცავთ თითოეული ადამიანის უფლებას,  მათი არჩევანის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და თავიდან ავიცილებთ შესაძლო საზოგადოებრივ დაპირისპირებებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი შეფასებით, საპატრიარქოს პოზიცია არ უნდა იყოს გასაკვირი.

„ბუნებრივია, ეკლესია, საეკლესიო ტრადიციებიდან გამომდინარე, ვერ იქნება მხარდამჭერი მსგავსი აქციებისა და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს განცხადება იყო ერთგვარი პრევენციის მცდელობა, რომ არ მომხდარიყო საზოგადოებრივი დაპირისპირება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ.

ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დააკავეს 28 პირი.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.

ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში შვიდი პირი რჩება, 21 ხელწერილით გათავისუფლდა.

დატოვე კომენტარი