მარიამ ჯაში - დარწმუნებული ვარ, ჰუმანური რეაგირების შემთხვევაში, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
მარიამ ჯაში - დარწმუნებული ვარ, ჰუმანური რეაგირების შემთხვევაში, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს პროცესთან დაკავშირებით, რომელიც 15 წლის მოზარდთან დაკავშირებულ ტრაგედიას უძღოდა.

ჯაში ოჯახს სამძიმარს უცხადებს და ამბობს, რომ ფრაქცია საკითხს კონტროლზე აიყვანს და არავის მისცემს უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.

„შეუძლებელია, მშობლები, ოჯახი, ძმა და მეგობრები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვებით, რადგან ეს არის ტრაგედია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეეხო. ფრაქცია საგანგებოდ არ ერთვებოდა, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და დიდი იმედი მქონდა, რომ ტრაგიკულად არ დასრულდებოდა ლუკას სიცოცხლე“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რა მოხდა რეალურად.

„ბევრი კითხვის ნიშანი გამოჩნდა პროცესში, რომელიც ამ საშინელ ტრაგედიას უძღოდა. სკოლის მხარეს მე დამაკლდა პირველ ეტაპზე მანდატურის მხრიდან რეაგირება, რაც უპირველესი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, რამდენად გამართლებული იყო პირდაპირ სამართალდამცველების ჩართვა. უნდა გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, რეალურად რა მოხდა. რაც შეეხება დაკითხვასთან დაკავშირებულ კითხვებს, ერთადერთი, რაც შემიძლია, ლუკას ოჯახს დავპირდე ჩვენი ფრაქციის სახელით, რომ ჩვენ კონტროლზე აგვყავს, ისევე, როგორც მთელ საზოგადოებას, ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომელიც გამოიკვეთება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ფრაქცია გამოიყენებს ყველა არსებულ საპარლამენტო ინსტრუმენტს, რომ აბსოლუტურად ყველამ აგოს პასუხი, თუ დანაშაული ან რაიმე ტიპის გადაცდომა იკვეთება.

„ეს არის ტრაგედია, რომელიც სამწუხაროდ, აფხიზლებს საზოგადოებას, ასევე შესაბამის უწყებებს, მას შემდეგ, რაც ხდება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ მოხდებოდა შესაბამისი ჰუმანური რეაგირება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა ხელმძღვანელობის, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან გამომძიებელი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს, დეპუტატი ამბობს, რომ ის ნებისმიერი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით სპეკულირების წინააღმდეგია.

„გუშინ, დღესაც და ხვალაც, რაც უნდა მოხდეს ქვეყანაში, მე ვიქნები წინააღმდეგი ნებისმიერი ტრაგედიის რაიმე პოლიტიკური ნიშნით სპეკულირების. დღეს პირდაპირ საუბარი რომელირაც მაღალი თანამდებობის პირის გადაყენებასთან დაკავშირებით, ნაადრევია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ დეტალურად იყოს გამოკვლეული, რა მოხდა. შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა, და თუკი მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც დადგება დღის წესრიგში, ბუნებრივია, რეაგირება ადეკვატური უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზემოქმედება განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.  გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.