მარიამ ბოლქვაძე ცოცხალ რეიტინგში 50 საფეხურით დაწინაურდა
მარიამ ბოლქვაძე ცოცხალ რეიტინგში 50 საფეხურით დაწინაურდა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში. მან აშშ-ის ღიას პირველ წრეში სამ სეტში დაამარცხა ამერიკელი ბერნარდა პერა – 6:3, 5:7, 6:4. ამან ქართველ ჩოგბურთელს 105 სარეიტინგო ქულა მოუტანა. ბოლქვაძემ 50 ადგილი მოიგო კლასიფიკაციაში და 201-დან 152-ე პოზიციაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს მისი კარიერის რეკორდია.

მარიამ ბოლქვაძე ოთხშაბათს, თბილისის დროით 20 საათზე შეხვდება მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას. მან პირველ წრეში ორ ტაი-ბრეიკში მოუგო თანამემამულე ტერეზა მარტინკოვას. აშშ-ის ღიას ყოფილ ფინალისტს 35 “ვინერსი” ჰქონდა, მაგრამ ბევრი უნებლიე შეცდომაც დაუშვა – 32.

ბოლქვაძისთვის აშშ-ის ღია ყველაზე წარმატებული ტურნირია მიმდინარე სეზონში WTA-ის დონეზე. მან 2019 წელს ბალახის სეზონში სამი ტურნირის კვალიფიკაციაში ითამაშა და სამივეჯერ წააგო ისე, რომ სეტი არ მოუგია. აშშ-ის ღიამდე მას არასოდეს ჰყავდა დამარცხებული TOP150-ის წარმომადგენელი, ნიუ ორკში კი უკვე ორ ასეთ ჩოგბურთელს სძლია.

მარიამ ბოლქვაძე პირველი ქართველი ქალი ჩოგბურთელია 2014 წლის შემდეგ, ვინც “დიდი სლემის” ძირითად ბადეში მოხვდა. ბოლოს ეს შეძლო სოფიო შაფათავამ ხუთი წლის წინ, როლან გაროსზე. სულ კი ოთხ ქართველ ქალ ჩოგბურთელს უთამაშია “დიდი სლემის” ჩემპიონატების ძირითად ბადეში: ბოლქვაძისა და შაფათავას გარდა, ესენი იყვნენ ლელა მესხი და ანა ტატიშვილი (დღეს აშშ-ის სახელით გამოდის).

კაროლინა პლიშკოვა 2016 წელს იყო აშშ-ის ღიას ფინალში და წააგო გერმანელ ანჟელიკ კერბერთან. 2017 და 2018 წლებში პლიშკოვამ მეოთხედფინალამდე მიაღწია. ჩეხს 2013 წლის შემდეგ არ წაუგია TOP200-ის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან.