ინგლისში 2019-20 წლების სეზონის პირველი ტიტული გათამაშდა. „უემბლიზე“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ 2:1 მოუგო „ასტონ ვილას“ და ეს პრიზი ზედიზედ მესამედ მოიპოვა.
სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. „სიტიმ“ მე-20 და 30-ე წუთებზე სერხიო აგუეროსა და როდრის გოლებით 2:0 წაიყვანა ანგარიში. ტაიმის მიწურულს ამ ორ გოლს „ასტონ ვილამ” მბვანა სამატას გოლით უპასუხა.
მეორე ტაიმში „სიტი“ კარგად იჭერდა ბურთს და მეტოქეს საკუთარ საჯარიმოსთან მიახლოების შანსს არ აძლევდა, თუმცა, „ასტონ ვილას“ მაინც შეეძლო თამაშის გადარჩენა – 88-ე წუთზე ბირმინგემელებმა ძელს მოარტყეს ბურთი.
„სიტიმ” ბოლო შვიდ წელიწადში მეხუთედ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, პეპ გვარდიოლასთვის კი ეს იყო მერვე ტიტული „მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის რანგში.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 0:1 აგუერო (20), 0:2 როდრი (30), 1:2 სამატა (41)
ასტონ ვილა (4-2-3-1): ნილანდი – გილბერტი, ენგელსი, მინგსი, ტარჯეტი – ლუიზი, ნაკამბა – ელმოჰამადი (70. ტრეზეგე), გრილიში, ელ ღაზი (70. ჰურიჰანი) – სამატა (80. კ. დევისი).
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო – უოლკერი, სტოუნზი, ფერნანდინიო, ზინჩენკო – გიუნდოგანი (58. დე ბრუინი), როდრი – ფოდენი, დავიდ სილვა (77. ბერნარდო სილვა), სტერლინგი – აგუერო (84. გაბრიელ ჟეზუში).