მამუკა მდინარაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი პარლამენტისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებს

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვერ გამოდიან იმ წარმოდგენებიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი უწყება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი საქართველოს პარლამენტისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

„როგორც მე ვიცი, ეს არის შემზღუდავი ნორმების ერთობლიობა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვერ გამოდიან იმ წარმოდგენებიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ერთ-ერთი უწყება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.

აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია რაც ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმასთან დაკავშირებით და ეს პროექტი ბუნებრივია, ვერ პოვებს მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.