არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი მედია წარმოუდგენია სწორედ ისე, როგორც მათ საკანონმდებლო ინიციატივაშია ასახული
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი მედია წარმოუდგენია სწორედ ისე, როგორც მათ საკანონმდებლო ინიციატივაშია ასახული

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა მედიის თავისუფლების ძალიან უცნაური გაგებაა, ამ ინიციატივით “ნაციონალურ მოძრაობას” დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი, ობიექტური მედია წარმოუდგენია სწორედ ისე, როგორც ამ საკანონმდებლო ინიციატივაშია ასახული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ისინი პრაქტიკულად ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ჩამოერთვას ხალხს, ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია, შინაარსი და თითოეული თეთრი უნდა განსაზღვრონ მხოლოდ მთავრობამ და ხელისუფლებამ.

„ჩვენ, როგორც იცით, მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, მხარს ვუჭერთ მის დამოუკიდებლობას და იმას, რომ მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნოდეს და ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას, საზოგადოების ინტერესებს. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომან გოცირიძის ინიციატივას და შესაბამის პასუხებს გავცემთ პარლამენტში.

თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ისე ესმის თავისუფალი მედია, როგორც მათი მმართველობის დროს იყო, როდესაც სრული კონტროლით წარმოედგინათ მედიის მართვა, დღეს ეს ვეღარ განმეორდება. ამ ინიციატივას ექნება ნულოვანი მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტში“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.