მამუკა მდინარაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს აქტუალური არ არის
მამუკა მდინარაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს აქტუალური არ არის

საქართველოს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, ძალიან პროგრესული კონსტიტუცია აქვს და საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს აქტუალური არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო დაკარგვაზე კითხვის პასუხად.

მისი თქმით, არ წარმოადგენს პრობლემას საკითხი, უმრავლესობაში 113 დეპუტატი იქნება თუ ნაკლები.

„საბედნიეროდ, საქართველოს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, უახლესი და ძალიან პროგრესული კონსტიტუცია აქვს, რომელიც ავტოკრატიას გამორიცხავს და ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში აქტიურად იმუშავებს. ამიტომ,  საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს აქტუალური არ არის  და არც ის არის პრობლემა უმრავლესობაში 113 ადამიანი იქნება,116 თუ 107. რაოდენობაზე და სტატისტიკაზე ასე ხელაღებით არ უნდა ვისაუბროთ. ჩემი მოვალეობაა, ამ შემთხვევაში, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელის, ჩვენს თითოეულ კოლეგას გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, თუ რვა დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება.

„ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მიუხედავად ასე განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ დღემდე რამე რადიკალური და ხისტი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავს ვიკავებთ“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.

საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს. ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს.

პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. მას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გუშინ ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, კანონპროექტის ავტორმა რვა დეპუტატმა საპარლამენტი უმრავლესობა დატოვოს.