მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან გეგმავს რაღაცებს
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან გეგმავს რაღაცებს

სააკაშვილი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან გეგმავს რაღაცებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია სააკაშვილის ქმედებების, „კლოუნადის“ შეფასება.

„საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება, შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, აქ იყო და იქ გაიარაო. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, უკაცრავად, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. დავანებოთ ამ თაღლითობას თავი.

ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. უტყუარი ინფორმაციაა, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ განაცხადა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დიფ ფეიკის დამზადება მარტივად შეიძლება.

„შარშან ალბათ გახსოვთ, რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა პრევენციული ბრიფინგი. მართლა საშინელებას აპირებდნენ და პრევენციულმა ბრიფინგმა უზრუნველყო, რომ დიფ ფეიკი არ გაავრცელეს. ამ შემთხვევაში, მიშაზე არ იყო საუბარი. მაშინ საუბარი იყო სხვა, ძალიან ბინძურ დიფ ფეიკზე და იცით, რომ მისი დამზადება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არანაირი პრობლემა არ არის. მარტივად შეიძლება ამის დამზადება რამდენიმე საათსა თუ წუთში. შარშან არ გააკეთეს, ამის პრევენცია მოხდა, წელს როგორც ჩანს, ეს მეთოდი გამოიყენეს. ახლა ტექნიკოსები გაარკვევენ. მარტივი დასადგენია და ამასაც დაზუსტებით გეტყვით, მაგრამ დაზუსტებით ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი არ გასულა არსად უკრაინიდან. ამ დიფ ფეიკებისა და თაღლითობის მეშვეობით ცდილობს, თავისი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ საქართველოშია და ნიკა მელიას დამსახურება კი არ არის ხმები, თავის დამსახურებაა. შიდა ასეთი ბრძოლები თუ ჰქონდათ დღემდე, ერთ ფლანგში „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთი პანიკაა, ვერ წარმოიდგენთ. როცა ჩვენ ამაზე ვხუმრობთ და თან მართლა სახუმაროც არ არის, ჩვეულებრივი კლოუნადა შეიქმნა ამ ადამიანისგან და მისი თანამზრახველებისგან. სამწუხაროდ, ამაში მისი ტელევიზიებიც ჩაერთნენ. მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, ხვალ ქართველი ხალხი არჩევნებზე პასუხს გასცემს ამ უპრეცედენტო თაღლითობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.